02 მაისი 2024,   20:01
ვრცლად
მუხიანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა მუხიანში - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1982 წელს დაბადებული პირი დააკავა.  უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილი მუხიანში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ნახეს. 

მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობები ქვედა კიდურებზე აღენიშნებოდა. 

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა, ოპერატიულად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, გარდაცვლილის ნათესავი - გ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. 
პოლიციამ გ.ა.-ს სახელზე რეგისტრირებული დანაშაულის ჩადენის იარაღი - „რემუმინგტონ 700“ -ის მოდელის შაშხანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. შემთხვევის ადგილიდან, ასევე, ამოღებულია ტყვიის 2 მასრა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,"-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები