"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, გუშინდელ აქციაზე პასუხისმგებლობა პოლიტიკურმა უმცირესობამ უნდა აიღოს.
მანვე აღნიშნა, რომ "შავი ფულით" ცდილობენ ქართული პოლიტიკის ფორმირებას, რაც დაუშვებელია.
"ჩვენ გუშინ ვნახეთ პოლიტიკური უმცირესობის კიდევ ერთი რადიკალური ქმედება საკუთარი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წინ. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს უმცირესობამ, მაგრამ პასუხისმგებლობის აღებას სჭირდება პასუხისმგებლობა, რომელიც მათ არ აქვთ. ისინი ამას ვერ აიღებენ და უფრო მეტიც - ყველამ იცის, რომ ისინი საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებული. "შავი ფულით" ცდილობენ, გარედან შიგნით, ქართული პოლიტიკის ფორმირებას, რაც დაუშვებელია,"- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს აპროტესტებდნენ, 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი.
დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, შენობაში არ უშვებენ მედიას. პარლამენტის შენობა დაატოვებინეს თანამშრომლების ნაწილსაც. გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი.