06 დეკემბერი 2021,   11:38
ვრცლად
ხმაურიანი სხდომა და მუქარა დამოუკიდებელ ექსპერტზე - ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეს პროკურორი ინა გუგუშვილი ჩამოაცილეს

ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე, რამდენიმე დღით ადრე, პროკურორი ინა გუგუშვილი საქმეს ჩამოაცილეს. გადაწყვეტილება 26 მაისის სასამართლო სხდომაზე მხარეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. ხმაური სასამართლო სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა თქვა, რომ გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები არა დანით, არამედ მაკრატლით აქვთ მიყენებული. ეს გარემოება კი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან საქმის მასალებს შორის მაკრატელი საერთოდ არ ფიგურირებს. მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ პროკურორები მომზადებული დასკვნის გამო დაემუქრნენ და უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა.

დღევანდელ პროცესზე ინა გუგუშვილი აღარ გამოჩენილა. სხდომას ესწრებოდა კონფლიქტის კიდევ ერთი მონაწილე ზვიად ფხაკაძე, რომელსაც ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი და ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატიც მუქარასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ზვიად ფხაკაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ინციდენტზე კითხვების დასმაც კი მისთვის შეურაცხმყოფელია.

ხორავას საქმის პროკურორების სამსახურეობრივი შემოწმება გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით კოლეგები გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.

დღის ამბები