15 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ვაგინე კი არა, ყელი რომ არ გამოვჭამე ფხაკაძეს, რატომ არ უკვირს? - ზაზა სარალიძე

„პირდაპირ ვაგინებდი ბატონ ფხაკაძეს და კიდევ შევაგინებ, როდესაც საშუალება მექნება პირადადაც,“ - ასე პასუხობს ზაზა სარალიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორს, რომელმაც დავით სარალიძის მამა მუქარაში დაადანაშაულა.

ზაზა სარალიძის თქმით, პროკურორის მოქმედება გუშინ, კომისიაზე იყო ზღვარგადასული. მისივე თქმით, პროკურორმა მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ ზაზა სარალიძე არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი გაღიზიანება გამოიწვია ფხაკაძის მხრიდან მოწმე კალანდიას გამართლების მცდელობამ.

„ცრემლები წამოუვიდა ჩემს მეუღლეს, კიდევ ჩვენი შვილის მკვლელს აფარებს ხელსო. ამან ძალიან გამაღიზიანა და უშვერი სიტყვებით ვაგინე,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ და თქვა, რომ მან ტექსტური შეტყობინება პროკურორს დღესაც მისწერა და ისიც იგივე შინაარსის იყო.

„ვაგინე კი არა, ყელი რომ არ გამოვჭამე, რატომ არ უკვირს, საინტერესოა. სასამართლოზე რომ ვაგინე, ის რატომ არ გაასაჯაროვა. განაჩენი რომ გამოიტანეს და ორივე მკვლელი რომ გაამართლეს და ჩემი შვილის მკვლელი რომ არ არსებობს,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ არჩევანის ეთერში ის ტექსტური შეტყობინებებიც წაიკითხა, რომელიც პროკურორს მისწერა.

„ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს სიმართლის ლაპარაკი, ბატონო ზვიად! კიდევ ერთხელ გირჩევ, აზრზე მოდი!“ - მისწერა ზაზა სარალიძემ პროკურორს, რასაც მისი თქმით, გინებაც მიაყოლა.     

ზაზა სარალიძემ მადლობა გადაუხადა საგამოძიებო კომისიას და აცხადებს, რომ ამ ორ დღეში დადასტურდა, რასაც ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ საქმე გაყალბებული იყო.

  

დღის ამბები