19 აპრილი 2024,   20:12
ვრცლად
გაიტანეთ ”გრენლანდია” ნაგავში - სასულიერო პირები „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს აკრიტიკებენ

ქართველი სამღვდელოება ქადაგების საგანგებო რეჟიმზე გადადის - არჩევნებამდე 43 დღით ადრე სასულიერო პირები ხელისუფლებას ღიად უპირისპირდებიან.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მმართველი, მეუფე საბა, ოკეანის გადაღმა სპეციალურად ჩავიდა, რომ მრევლისთვის ამბიონიდან მიემართა.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი საბას ქადაგების თემა პოლიტიკური თამაშები იყო. მღვდელმთავარმა მრევლს მოუწოდა, არ მისცენ ხმა კანდიდატს, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ წაიყვანს.

„მე ვფიქრობ, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა და არც სხვაგან გამიგია. შეიძლება, სხვაგან იყო, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია არ აყენებს თავის კანდიდატს, ეს არის რაღაც თამაში მორიგი და ამ თამაშში ჩვენ არ უნდა ჩავებათ, არამედ უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი, რომ ისევ არ მოგვიწიოს ჩრდილოეთისკენ დაბრუნება,“ - განაცხადა მეუფე საბამ.

საქართველოდან შორს გაჟღერებული პოლიტიკური ქადაგება ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა ქართველი სამღვდელოებისთვის. დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ სალომე ზურაბიშვილზე დაწერა - გაიტანეთ „გრენლანდია“ ნაგავში.

ამერიკის მართლმადიდებლური ეპარქიის მმართველის, ამბიონიდან წარმოთქმულ სიტყვას, „შიშველი სიმართლე“ უწოდეს საქართველოში. სინოდის წევრების ნაწილი ფიქრობს, რომ მეუფე საბამ სიმართლე დაუფარავად თქვა.

საპატრიარქოში ამბობენ, რომ მომავალ პრეზიდენტს, რომელიც რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ გააკეთებს განცხადებს, მრევლმა მხარი არ უნდა დაუჭიროს.

ყველა ახლა ქვეყნის პატრიარქის პოზიციას ელოდება. ილია მეორემ საკუთარი ქადაგებით ან საკუთარი სამღვდელოების და ეკლესიის კრიტიკული პოზიცია უნდა დაიცვას, ან მათ წინააღმდეგ უნდა წავიდეს და ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის განცხადებები მოიწონოს.

დღის ამბები