20 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
ეკლესიის პროტესტი სულ უფრო მწვავე და მასშტაბური ხდება - სალომე ზურაბიშვილს სასულიერო პირები უპირისპირდებიან

ეკლესიის პროტესტი სულ უფრო მწვავე და მასშტაბური ხდება - ბიძინა ივანიშვილის გუნდის რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, დღეს წმინდა სინოდის კიდევ ორი წევრი დაუპირისპირდა.

ერთ დროს ეკლესიის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალა 6 წლის თავზე მძაფრი კრიტიკის ადრესატად იქცა. წმინდა სინოდის წევრების უმეტესობა დაუფარავად ამბობს, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი ქვეყნისთვის ბოროტების მომტანი იქნება.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი იმ მღვდელმთავრებს შორს აღმოჩნდა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ფრაზამ, აგვისტოს ომის დაწყების შესახებ, განსაკუთრებით გააბრაზა. მეუფე მელქისედეკს, ამის გამო, დიდი იმედი აქვს, რომ მრევლი სწორ არჩევანს გააკეთებს.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ამომრჩეველს მეტი სიბრძნისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ 28 ოქტომბერს არჩევანი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გააკეთონ.

მღვდელმთავრების მწვავე შეფასებების შემდეგ დღეს ოცნების რჩეულ კანდიდატს განმარტებების გაკეთება და სასულიერო პირებისთვის რაიმის ახსნა არ უცდია.

სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არ არის ერთადერთი თემა, რის გამოც მმართველ პარტიას მღვდლები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ. მარიხუანის კულტივაციის ლეგალიზების თემის გამო, პროტესტის ყოველდღე ათობით სასულიერო პირი გამოთქვამს.

მღვდელმთავრებმა ქართული ოცნების რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი საკუთარ ეპარქიებში ამბიონიდან დაგმეს და "მოღალატე" უწოდეს, მაგრამ ახლა ყველა მაინც ქვეყნის სულიერ ლიდერს ელოდება - ბოლო სიტყვა ილია მეორემ უნდა თქვას.

დღის ამბები