08 ნოემბერი 2024,   02:08
ვრცლად
ნიკა გვარამიას facebook სტატუსი და კობახიძის საგანგებო ბრიფინგი - კობახიძემ გვარამია და არასამთავრობოები ფაშისტებად მოიხსენია

ნიკა გვარამიას მიერ facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგით უპასუხა. საუბარია “რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებაზე, სადაც ნიკა გვარამიამ ყველა იმ პირს, ვინც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას აფინანსებს, "მოღალატე" უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი საზოგადოებამ წნეხის ქვეშ უნდა მოაქციოს.

ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას პოზიციას "ფაშისტური" უწოდა. კობახიძეს იერიში დღეს მხოლოდ მედიაზე არ მიუტანია, თავდასხმის ობიექტი გახდა არასამთავრობო სექტორიც. ქვეყნის მეორე პირმა, არასამთავრობოებიც ფაშისტებად მოიხსენია.

ნიკა გვარამიამ პარლამენტის თავმჯდომარის საგანგებო ბრიფინგს კომენტარით უპასუხა. "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კობახიძეს ურჩევს, მისი ფეისბუქ სტატუსებზე საგანგებო ბრიფინგების გამართვის ნაცვლად, იმ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს, რომელიც ქვეყანაშია. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ის როგორც რიგითი მოქალაქე სალომე ზურაბიშვილზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

ხელისუფლების შურისძიება უწოდეს დღეს არასამთავრობოებმა ირაკლი კობახიძეს კრიტიკას. მესამე სექტორის ფაშისტებად მოხსენიება არასამთავრობოებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი და ღია ომის გამოცხადებაა. სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ისტერიული ტონი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში ელიტური კორუფციისა და არაფორმალურ მმართველობის არსებობას.

ამავე თემაზე
დღის ამბები