06 დეკემბერი 2024,   14:17
ვრცლად
22 საათიანი განხილვა სააპელაციო სასამართლოში - მოსამართლეთა კოლეგიამ, არასამთავრობო სექტორის სარჩელები საარჩევნო უბნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ, არ დააკმაყოფილა

22 საათიანი განხილვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, არასამთავრობო სექტორის სარჩელები საარჩევნო უბნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ არ დააკმაყოფილა. დაკმაყოფილდა მხოლოდ ის საჩივარი, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჰქონდა. ცესკო ვლადიმერ ხუჭუას მიერ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა. სააპელაციომ დღეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმება და ახლის მიღება დაადგინა.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 4 ნოემბერს, საიას სარჩელი დააკმაყოფილა და ფარულობის დარღვევა დაადგინა. ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება ცესკო, სწორედ ამიტომ, დღეს სააპელაციო სასამართლოში, საარჩევნო კომისიის წარმოდგენილი, მტკიცებულებების საფუძველზე, ამბობდა, რომ ვლადიმერ ხუჭუამ რამდენიმე დღის წინ მიკერძოებული და არაობიექტური განჩინება გამოიტანა. ცესკოს იურისტის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მეუღლეს კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის წარსულში ფული აქვს შეწირული და გამოირჩევა ოპოზიციური განწყობებით, ეს კი, საარჩევნო ადმინისტრაციის აზრით, ვლადიმერ ხუჭუას დამოუკიდებლობაზე ეჭვებს აჩენს. ამ მოსაზრებას საია, არ დაეთანხმა.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ცესკოს სარჩელის გარდა, სააპელაციო სასამართლოში, ამავე სხდომაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების 26 საჩივარიც განიხილეს. მესამე სექტორი ფარულობის დარღვევაზე დაობდა, სწორედ ამიტომ, მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომათა დარბაზში ექსპერიმენტიც ჩაატარა. შედეგებს კი მხარეების მხრიდან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა.

დღის ბოლოს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემაც შეაფასა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, დღევანდელმა განჩინებამ დაადასტურა, რომ ცესკომ არჩევნები პროცედურული სიზუსტით ჩაატარა და ყველა მოქალაქის ხმის ფარულობა დაცული იყო.

სააპელაციოს გადაწყვეტილებას არაობიექტურს უწოდებს ოპოზიცია, სახელისუფლებო გუნდში კი ამბობენ, რომ მესამე სექტორის საჩივრები უარგუმენტო იყო და სასამართლომ დაამტკიცა, რომ ფარულობა არ დარღვეულა.

სააპელაციო სასამართლომ, არასამთავრობო სექტორის საჩივრების განხილვა გუშინ დაიწყო. გუშინვე, მოსამართლეთა კოლეგიამ სამართლიანი არჩევნების სარჩელებიც არ დააკმაყოფილა. ამ შემთხვევაშიც არასამთავრობო ორგანიზაცია ხმის ფარულობის დარღვევაზე დაობდა.

დღის ამბები