06 დეკემბერი 2024,   15:14
ვრცლად
კანონების გაუქმება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის სანაცვლოდ - რა პირობებს უყენებენ მაკრონი, შოლცი და ტუსკი საქართველოს ხელისუფლებას

პირობა საქართველოს - საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერი გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაკრონი, შოლცი და ტუსკი ამბობენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერენ.

ანალოგიური განცხადება ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებში დღეს დანიშნულმა ევროკომისარმაც გააკეთა. სლოვენიელი დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთადერთი დაბრკოლება, სწორედ უცხოური გავლენისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონებია, რომლის გაუქმების შემთხვევაშიც, ევროკავშირი საქართველოსთან პროცესს განაახლებს.

ულტიმატუმად აღიქვეს ევროპელი ლიდერების მოწოდება თბილისში, პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი საკუთარ ტრადიციებსა და ღირებულებებზე უარს არ იტყვის.

ევროპელი ლიდერის მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ, კანონების გაუქმების მოთხოვნა არ უკვირთ ოპოზიციაში. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა შოლცის, მაკრონისა და ტუსკის მოწოდებებს ეთანხმება.

გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმებას, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერი ითხოვდა, ამაზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ჯერ კიდევ გუშინ ისაუბრა. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კონკრეტული ევროპელი ლიდერების მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლება უარს არ იტყვის იმ კანონებზე, რომელიც საზოგადოების დაკვეთაა.

ემანუელ მაკრონმა, ოლაფ შოლცმა და დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება დღეს გაავრცელეს. ე. წ ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრებმა თქვეს, რომ ისინი მხარს ვერ დაუჭერენ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას, ვიდრე ქვეყანა არ გააუქმებს ბოლო დროს მიღებულ კანონმდებლობას.

დღის ამბები