07 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
4 წლიანი მანდატი რადიკალური ცვლილებებისთვის და ამერიკის არჩევნების გავლენა მთელ მსოფლიოზე - რა შეიცვლება შტატებში და დანარჩენ სახელმწიფოებში

ოვალური კაბინეტის კარი ტრამპისთვის ფართოდ გაიღო, თუმცა შესვლამდე 74 დღეა. მანამდე მსოფლიო ლიდერების ზარებს პასუხობს. სასაუბრო ბევრია, განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების ყველაზე აქტუალურ საკითხზე - უკრაინაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დონალდ ტრამპის ნომერი აკრიფა. რაც შემთხვევითი არაა: ტრამპის გაპრეზიდენტებამ კიევს ვაშინგტონის დახმარებასთან დაკავშირებული კითხვები გაუჩინა. გაგრძელდება თუ შემცირდება? როდესაც ამ დახმარების გამო ტრამპმა ზელენსკის “ისტორიაში საუკეთესო ვაჭარი” უწოდა - ეს კომპლიმენტი არ ყოფილა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა პუტინის კეთილგანწყობაზეც ბევრჯერ ისაუბრა, მისი კრიტიკით კი არ გამოირჩეოდა. მთავარი კი რაც მან თქვა ისაა, რომ უკრაინაში ომს ოვალურ კაბინეტში შესვლამდე დაასრულებს, სულ რაღაც 24 საათში.

ვაშინგტონში და რუსეთში საათები სხვადასხვა დროს აჩვენებენ. ხედვებიც დიამეტრულია. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, რუსეთი შეეცადა გულგრილობა შეენარჩუნებინა, თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ მზად არიან თეთრ სახლში მოწყობის შემდეგ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან იმუშაონ და ფოკუსირებული იქნებიან ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა დასახული მიზნის მიღწევაზე.

უკრაინისთვის კამალა ჰარისის პრეზიდენტობით ბევრი რამ უფრო ნათელი იქნებოდა. აქ არ მალავენ რომ ტრამპის შემთხვევაში სიურპრიზებს ელიან. ასეა ევროპაც, რომელსაც 45-ე პრეზიდენტთან წარსული გამოცდილება უჩვენებს,რომ სადავო საკითხები იქნება. შესაძლოა ეს ისე ხისტად აღარ შეეხოს ევროპელების თავდაცვის ბიუჯეტის ზრდას, რადგან უკრაინის ომმა ეს პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარა. თუმცა ევროპა მზადაა, რომ ვაჭრობისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე შესაძლოა ახალ ადმინისტრაციასთან აზრთა სხვადასხვაობა იყოს.

ვინ არის ტრამპი უკრაინისთვის - მოკავშირე თუ პრობლემა? ამ საკითხზე ექსპერტები სიღრმისეულად მსჯელობენ და აღნიშნავენ, რომ თუ ამერიკა გლობალურ სუპერძალაზე უარის თქმას აპირებს, მაშინ უკრაინისთვის ზურგის შექცევა გამორიცხული არაა. თუმცა ტრამპი ამერიკას სიდიადის დაბრუნებას დაჰპირდა, ამიტომ მისი სასიცოცხლო ინტერესები არსად წასულა. განიხილება,რომ შესაძლოა საკვანძო საკითხები უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალ გარანტიებს შეეხოს.

სამხრეთ კორეის ლიდერი ტრამპს უკვე ესაუბრა უკრაინაზეც და იმაზეც,რომ მისი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთს ჯარისკაცებით ამარაგებს. იყო 25 წუთიანი საუბარი და მჭიდრო კონტაქტის დაპირება მაკრონთან. ვიქტორ ორბანთან დასახული დიდი გეგმები. ეს ზარები კი იმაზე მეტყველებს,რომ ვინც არ უნდა იყოს აშშ-ის პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ოთახში თუ სატელეფონო ხაზზე სწორედ ისაა.

დღის ამბები