19 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით მირზა სუბელიანმა არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გლდანის #8 სასჯელაღსრულება დატოვეს, სადაც მათ ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი სკანდალური აუდიოჩანაწერის  გავრცელების შემდეგ მოინახულეს.

მირზა სუბელიანმა გავრცელებული აუდიოჩანაწერის შინაარსის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ინფორმაცია არ მიაწოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. 

ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან მირზა სუბელიანმა მხოლოდ და მხოლოდ მისი შვილის უფლებების დაცვა მოითხოვა.

„გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით მირზა სუბელიანმა არანაირი ინფორმაცია არ მოგვაწოდა და არანაირი კომენტარი არ გააკეთა, არ ისურვა ამ თვალსაზრისით ჩვენთან თანამშრომლობა, ერთადერთი რაზეც გამოხატა მან ჩვენი დახმარების სურვილი, ეს შეეხებოდა მისი შვილის უფლებების დაცვას ხორავას ქუჩის საქმის გარშემო, სხვა თვალსაზრისით მას ჩვენ მიმართ რაიმე თხოვნა არ გაუკეთებია,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ აუდიოჩანაწერში ისმის დანაშაულის ნიშნის შემცველი ფაქტების შესახებ ინფორმაცია. ომბუდსმენის თქმით, აუცილებლია დაიწყოს გამოძიება და დაიკითხოს მირზა სუბელიანი.

ფარული აუდიოჩანაწერიდან, რომელიც გუშინ P.S.-ში გავიდა, ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა, თუმცა, ახლა უკმაყოფილოა ხელისუფლების უყურადღებობის გამო.

მირზა სუბელიანი ასევე ჰყვება, როგორ იქნა დაშვებული მძიმე შეცდომები გამოძიების პროცესში და როგორ სთხოვეს თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას დახმარება. ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ მას ციხეში ჩაჯდომა “სახელმწიფოს გადასარჩენად“ სთხოვეს.

მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ არაერთი კომპრომატი აქვს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ აწამებდნენ ხალხს სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით.

ამავე თემაზე
დღის ამბები