19 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
სკანდალური აუდიო ჩანაწერები გლდანის მე-8 დაწესებულებიდან - გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის 

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი საგანგებო მდგომარეობაზე გადადის - ამის შესახებ განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის, "ძალა ერთობაშია"-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმ სკანდალური ჩანაწერების გავრცელების შემდეგ მიიღო, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს. 

სუბელიანი ამბობს, რომ ის „შავ საქმეებს“ აგვარებდა, რაც ხელისუფლებამ ვერ დაუფასა. მისივე განცხადებით, მას ბევრი კომპრომატი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ.

გრიგოლ ვაშაძე ჩანაწერების შეფასებისას ამბობს, რომ ხელისუფლების თითოეულ შტოს მართავენ„დაჯგუფებული კრიმინალური, შეიარაღებული ბანდფორმირებები“.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე მართავს, ხოლო სასურველი ჩვენების მიღების მიზნით ადამიანებს აწამებდნენ და იტაცებდნენ.

„საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ დაინახა, რომ ივანიშვილმა საქართველო დააბრუნა 90-იანი წლების კრიმინალურ განუკითხაობაში. მან ერთი მხედრიონი კი არ აღადგინა, შემქნა რამდენიმე მხედრიონი, რომელმაც ხელში ჩაიგდო ქვეყნის მართვის სადავეები, ჩვენ დავინახეთ მწამებელთა შეირაღებული ბანდები, რომლებიც იტაცებენ და აწამებენ მოწმეებს და აიძულებენ მათ სასამართლოში მისცენ ჩვენებები, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას აქვს შეკვეთილი. ჩვენ დავინახეთ, რომ შს მინისტრის უშუალო მონაწილეობით ფიზიკური ზემოქმედება მოხდა 51-ე სკოლის მოსწავლეებზე იმისთვის, რომ მათ მიეღოთ სასურველი ჩვენებები,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, არსებული ვითარება, 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა დასრულდეს. 

„28 ოქტომბერს არსებული ხელისუფლების და მისი კანდიდატის მხარდაჭერა, ვადაგასული ფრანგული სუნამოსავით რომ ასხამენ იმ სიბინძურეს, რამაც ამოხეთქა „ქართული ოცნების“ წიაღიდან. ამის მხარდაჭერა ნიშნავს, მხარი დაუჭირო შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ ხაზი გადაუსვა ჩვენი სამშობლოს მომავალს, ეს ნიშნავს, რომ მხარი დაუჭირო იმას, რომ საქართველო გახდეს შეიარაღებული ბანდების და კრიმინალების თარეშის ადგილი,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები