27 ივლისი 2024,   04:48
ვრცლად
სიტუაცია არის უაღრესად საგანგაშო - დავით ბაქრაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში გაკეთებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე საუბრობს.

დავით ბაქრაძის თქმით, აუდიოჩანაწერების ავთენტურობის შემთხვევაში დასტურდება, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუციების არ მუშაობს და ქვეყანა იმართება „მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფორმალური გავლენის ცალკეული პირებისგან“.

აუდიოჩანაწერში სუბელიანი აღნიშნავს, რომ პროკურატურას ოთარ ფარცხალაძე არაფორმალურად მართავს.

ბაქრაძის შეფასებით, საშიში მდგომარეობაა, როდესაც სახელმწიფო კრიმინალების მიერ იმართება.

„დღეს მივიღეთ უკიდურესობა, როდესაც სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუციები, პრაქტიკულად, ჩამოშლილია და ქვეყანა იმართება ცალკეული ადამიანების მიერ კრიმინალური, მაფიოზური მენტალიტეტის, გარჩევების, საკუთარი ბიზნეს ინტერესების გამოყენებით და მათ საფუძველზე. ეს სიტუაცია არის უაღრესად საგანგაშო და ეს არ არის კონკრეტული თანამდებობის პირების, უწყებების ან კონკრეტული საქმეების თემა. ეს არის თითოეული ჩვენგანის მომავლის საკითხი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა პროკურატურამ დღეს გაკეთებული განცხადებით არაპირდაპირ დაადასტურა, საიდანაც ირკვევა, რომ საგამოძიებო უწყებამ გამოძიება დაიწყო იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გააკეთა ეს აუდიოჩანაწერი.  

მირზა სუბელიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი გუშინ, გადაცემა პოსტ სკრიპტუმში გავიდა. ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი.

სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს უმძიმესი კომპრომატები, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.

სუბელიანი ამბობს, რომ ის „შავ საქმეებს“ აგვარებდა, რაც ხელისუფლებამ ვერ დაუფასა. სუბელიანის თქმით, მას ბევრი კომპრომატი აქვს ხელისუფლების წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ. 

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზეც საუბრობს. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას. ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, რამდენ ხანს უნდა დარჩეს ის პატიმრობაში, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები