27 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
33 ათასი ლარის გამო ახალქალაქში მოკლული დედა და მისი სამი შვილი

33 ათასი ლარის გამო ახალქალაქში დედა და მისი სამი შვილი მოკლეს. მძარცველები ოჯახში ღამით ფანჯრიდან შევიდნენ. 37 წლის ოფელია, 15 წლის ასია, 10 წლის არმინე და 5 წლის სერგეი ერთ დღეს მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი მოუკიდეს - უმძიმესი კრიმინალური ისტორია უკვე ორი წელია, გამოუძიებელია.

ვაღარშაგ ქაჩოტიანის, რომელმაც მთელი ოჯახი დაკარგა, სამართლიანობის აღდგენას უშედეგოდ ითხოვს და მიაჩნია, რომ დამნაშავეებს მფარველობენ. თავად ქაჩოტიანი სიკვდილი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც მკვლელების ვინაობამ გამოძიება ვერ დაადგინა, მოკლულების ოჯახის წევრებმა თავად გადაწყვიტეს, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება, თუმცა ყვებიან, რომ ხელი ისევ პოლიციამ შეუშალა. მთავარი მოწმეები, ვინც სასტიკი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ფლობდა, სოფლიდან გააქრეს, მტკიცებულებები გააყალბეს, ხოლო ადვოკატი, რომელიც ქაჩოტიანის ინტერესებს იცავდა, დააშინეს.

დაზარალებული ოჯახი ყვება, რომ დამნაშავეები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ. წინასწარ იცოდნენ, რომ ოთახში, სადაც დედას 5 წლის შვილთან ერთად ეძინა, 800 ათასი რუსული რუბლი, დაახლოებით, 33 ათასი ლარი ინახებოდა.

ხელოვნურად გაჩენილი ხანძრის გამო გამოძიება ჩიხში შევიდა. 2016 წელს მომხდარიდან მალევე პოლიციამ მხოლოდ ერთი პირი დააკავა, ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა და ციხეში თავი ჩამოიხრჩო.

სოფელ ვაჩიანში სამართალდამცველების უმოქმედობა უკვირს ყველას. ადგილობრივს აქვთ ეჭვი, რომ ხელისუფლება კრიმინალებს მფარველობს. თუ პოლიცია ოთხი ადამიანის მკვლელობას არ გამოძიებს, ხალხი ამბობს, რომ შურს დამნაშავეებზე თავად იძიებს.

ვიდრე ძალოვანი უწყებები კვლევის პროცესში არიან, ქაჩოტიანები პირობას დებენ, რომ დანაშაული არც მკვლელებს და არც სახელმწიფოს შერჩება.

დღის ამბები