27 აპრილი 2024,   07:40
ვრცლად
3 შვილის დედა ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახის თქმით, 31 წლის ქალი წამებით მოკლეს

სამი შვილის დედა ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ნინო ყიფშიძე შიშველი იყო და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. გემატომები ოჯახისთვის პირდაპირი ნიშანია, რომ 31 წლის ქალი წამებით არის მოკლული. პოლიცია კი საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს, რაც ყიფშიძეების ოჯახის პროტესტის მიზეზი ხდება.

ექსპერტიზის ბიუროდან ცხედრის ოჯახში გადასვენების შემდეგ მამამ საკუთარი თვალით ნახა ის დაზიანებები, რომელიც მის ქალიშვილს აღენიშნებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, სიკვდილის მომენტში ნინო ყიფშიძე სახლში მარტო არ იყო და მასთან ერთად მეგობარი მამაკაცი იმყოფებოდა. იმედა გაბაძე პოლიციამ უკვე გამოკითხა, თუმცა, მას შემდეგ ის ადიგენის მუნიციპალიტეტიდან გაუჩინარდა.

ნინო ყიფშიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჯაროში მცირეწლოვან შვილებთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა. ის ახალციხის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა. იმის გამო,  რომ სოფლიდან სამსახურში მისასვლელად დიდი დრო სჭირდებოდა, პერიოდულად ღამეს ახალციხეში ნაქირავებ ბინაში ათევდა.

რესტორანში თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ქალი დეპრესიული არასოდეს ყოფილა.

სახლის მესაკუთრე, სადაც ნინო ყიფშიძე ცხოვრობდა, იხსენებს, რომ იმ ღამეს ქალს სტუმარი ჰყავდა. იმედა გაბაძემ საშველად სახლის პატრონს დაუძახა. ოთახში შესულებს კი ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

მეპატრონე ამბობს, რომ გაბაძემ, რომელიც ქალის თანასოფლელი და დიდი ხნის ნაცნობი იყო, სასწრაფოს ექიმებს უთხრა, რომ გარდაცვლილს არ იცნობდა.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები