27 აპრილი 2024,   04:20
ვრცლად
ერთი მიცვალებული იქით არის, ვერ ამოიცნეს, თავი არ აქვსო - ადგილობრივები დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე საუბრობენ 

აფეთქება დიდ დიღომში - აფეთქებული კორპუსის ეზოში სამართალდამცავები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე ასევე მოძრავი ლაბორატორიაც მიიტანეს.

ერთ-ერთი ადგილობრივი „კურიერთან“ საუბარში ამბობენ, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ამოცნობა ვერ ხერხდება.

„მეც აქ მოვისმინე, ერთი მიცვალებული იქით არის, ვერ ამოიცნეს, თავი არ აქვსო. გვერდში გდია დაბლაო, წაიყვანეს თუ არა, არ ვიცი. ძირს გადმოაგდოო ამ დარტყმით წნევამო,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილზე ასევე იმყოფება საბურთალოს გამგებელი, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 5 ადამიანი, მათგან 4 არასრულწლოვანია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.  

„ყაზტრანსგაზში“ კი „კურიერს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე განცხადების გაკეთებას არ გეგმავს კომპანია.

ამავე თემაზე
დღის ამბები