27 აპრილი 2024,   00:53
ვრცლად
"ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით წაუყენეს

ყაზტრანსგაზის ორ თანამშრომელს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მათ გამოძიება გულგრილობის მუხლით ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 

ადვოკატს სისხლის სამართლის საქმის მასალები ცოტა ხნის წინ გადაეცა. 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარედგინათ 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს გულგრილობას. არ დაკითხულა არც ერთო ბრალდებული, არც სცნობენ თავს დამნაშავედ. ჩვენ ვითხოვთ, რომ აღმკვეთი ღონისძიების არც ერთ სახე არ იქნას გამოყენებული და ალტერნატივის სახით გირაო იქნას შეფარდებული,“ - ამბობს დაკავებული თორნიკე ტატიშვილის ადვოკატი, თამარ ჯაფარიძე. 

ბრიგადა, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე, დიდ დიღომში მდებარე კორპუსში იმყოფებოდა, პოლიციამ გუშინ დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას და სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

ყაზტრანსგაზის თანამშრომლები კორპუსის მცხოვრებლებმა 16 დეკემბერს, მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ადგილობრივებმა ბუნებრივი აირის მძაფრი სუნი იგრძნეს, თუმცა, ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა მათ განუცხადეს, რომ გაყვანილობა წესრიგშია და გაზის სუნი საღებავის სუნში ეშლებოდათ. რამდენიმე საათში კი ავთანდილის 8 ნომერში ტრაგედია დატრიალდა.

გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. 8 ადამიანი კი დაშავდა.  

დღის ამბები