02 მაისი 2024,   12:03
ვრცლად
განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში, კვლევები ხშირად მიკერძოებულია - მმართველი გუნდი NDIის კვლევებს აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობა NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება. მმართველი გუნდის წევრები აღნიშნავენ, რომ ამერიკის "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისადმი“ დიდი პატივისცემა აქვთ, თუმცა საქართველოში ჩატარებული კვლევის სანდოობა მათთვის მაღალი არ არის.

„ქართულ ოცნებაში“ ასევე აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგების ის ნაწილი, რომელიც პარტიულ რეიტინგებს ასახავს, გასაკვირი არ არის.

„მოსახლეობა ადეკვატურად აფასებს, 41% ხელისუფლების, მთავრობის საქმიანობას აფასებს დადებითად, ის, რომ ორჯერ მეტია პარტიის რეიტინგი, ვიდრე ოპოზიციური პარტიისა, ესეც ვფიქრობ, ნორმალურია,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ასევე ამბობენ, რომ კვლევის მიხედვით, არჩევებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობა საზოგადოებაში მაღალია. დეპუტატ რატი იონათამიშვილის შეფასებით, საზოგადოება ბოლო არჩევნებს დადებითად აფასებს.

„ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით აღნიშნული კვლევების მონაცემებს, დიდი გულისყურით ვეცნობით, თუმცა წლიდან წლამდე ცხადყოფს, რომ განსაკუთრებით პოლიტიკურ ნაწილში კვლევები ხშირად მიკერძოებულია,“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეკითხვაზე, "რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს," პასუხები ასე გადანაწილდა: 1. "ქართლი ოცნება" - 27 %; 2. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" -12 %; 3. "ევროპული საქართველო" - 3 %; 4. "პატრიოტთა ალიანსი" - 3 %; 5. არც ერთ პარტია - 36 %.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები