16 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს ჯერი კონოლის და ოსტინ სკოტს შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები, ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა და ივლისის ნატო-ს ვაშინგტონის სამიტთან დაკავშირებული საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს წინასაარჩევნო გარემო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში აშშ-ს ჩართულობის გაზრდის საჭიროებაზე და აშშ-ს შავი ზღვის სტრატეგიაში საქართველოს როლის მნიშვნელობაზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ქ. ვაშინგტონში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

დღის ამბები