27 აპრილი 2024,   01:47
ვრცლად
7 ცხედარი ერთ ბინაში - თბილისში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი, კვლავ ბუნებრივი აირი გახდა 

მხუთავი არის 7 მსხვერპლი -კიდევ ერთი ტრაგედია თბილისში, რომელიც ბუნებრივი აირის არასწორ მოხმარებას უკავშირდება. ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე 7 ცხედარი დილით იპოვეს. 

ახალგაზრდა მამაკაცები, გორიდან, ასპინძიდა, ზესტაფონიდან და რუსთავიდან თბილისში მუშებად მუშაობდნენ და ქირით ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, მხუთავი აირი ჩართული წყლის გამათბობლისგან იმ დროს დაგროვდა, როდესაც მდგმურების უმრავლესობას ეძინა. წინასწარი ინფორმაციით, გამათბობელი შიდა წვის კამერით იყო აღჭურვილი.

„კურიერმა“ მოიპოვა საჯარიმო ოქმიც, რომლითაც ბინის მეპატრონე 2018 წლის მარტში გააფრთხილეს და წყლის გამათბობელი ჩაუჭრეს. საჯარიმო დოკუმენტი არა გარდაცვლილების არამედ სხვა მობინადრეების გვარებზეა გამოწერილი. სავარაუდოდ ბინის მფლობელმა, მდგმურების შეცვლის დროს გაზი თვითნებურად ჩართო, გაზის გამათბობელი არ შეცვალა და ფართი უკვე სხვა მოქალაქეებს მიაქირავა.

ბინის მფლობელი, სადაც დღეს შვიდი ადამიანი გაიგუდა, პოლიციაში დაკითხვაზე ერთ-ერთი პირველი მიიყვანეს. გამომძიებლების კითხვის დროს, ალექსანდრე მურადოვს გულის შეტევა დაემართა, გადაუდებელი დახმარება მას პოლიციის შენობაში აღმოუჩინეს და დაკითხვა გაგრძელდა. 

„ყაზტრანსგაზმა“, ქეთევან წამებულის 67-ში ბუნებრივი აირის მიწოდება, გასული წლის 9 მარტს შეწყვიტა, თუმცა 11 თვის განმავლობაში ინსპექტირების ჯგუფს აღარ გადაუმოწმებია. 

ტრაგედიის ადგილზე მივიდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, მერი ყველა მოადგილესთან ერთად და ოპოზიცია. კახა კალაძის გამოჩენისთანავე მასსა და ალეკო ელისაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ელისაშვილი კალაძეს „ყაზტრანსგაზის“ არაფორმალურ მფლობელად მოიხსენიებს. ბრალდებებს დედაქალაქის მერმა არ უპასუხა და თქვა, რომ მას 2017 წელს მერის არჩევნებში მოუგო. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ბუნებრივი აირის კონტროლის შესახებ კანონი დასახვეწი და გასამკაცრებელია.

უბედურ და ფატალურად დასრულებულ შემთხვევებზე მერიასა და „ყაზტრანსგაზს“ აკისრებენ პასუხისმგებლობას ოპოზიციაში. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ბუნებრივი არის გაჟონვით, ნამწვითა თუ აფეთქებით თბილისში 10-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები