27 აპრილი 2024,   05:33
ვრცლად
სტრასბურგის განაჩენი - ქართველების დამამცირებელი დეპორტაცისთვის მოსკოვს 10 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2006 წელს ქართველების დამამცირებელი დეპორტაციის გამო მოსკოვს ათ მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. არაადამიანური მოპყრობისთვის საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში წლების წინ უჩივლა.

ჯამში რუსეთიდან, მაშინ საქართველოს 4 000 მოქალაქე გამოდევნეს. 13 წლის შემდეგ გადაწყვეტილება მიღებულია, 10 მილიონი  ევრო რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს უნდა ჩაურიცხოს. ეს თანხა იმ 1500 ადამიანის კომპენსაციაა, ვინც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციის და არა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ სამინისტრომ წინა ხელისუფლების სისუსტე გამოასწორა, როცა დაზარალებულების 118 კაციანი სია გაზარდა.

საქართველომ რუსეთს არსებითი სარჩელი ამ საქმეზე 2014 წელს მოუგო. დღეს კი დიდმა პალატამ კომპენსაციის ოდენობა დაადგინა. მორალური ზიანისთვის 2 000 ევრო ჩაირიცხება, მაგრამ თუ პირი დეპორტაციამდე დააკავეს და არა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლიც გახდა, მას 10-დან 15 000 ევრომდე ერგება.

10 მილიონის ჩარიცხვა საქართველოს სახელმწიფოსთვის რუსეთს სამი თვის ვადაში დაევალა. თუ ამ დროში მოსკოვი თანხას არ გადაიხდის, მაშინ ყოველ გადაცილებულ დღეზე მას ჯარიმა დაეკისრება. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგი მინისტრთა კომიტეტს ევალება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები