27 აპრილი 2024,   01:52
ვრცლად
იმპორტის განბაჟების ვადა 30-დან 5 დღემდე შემცირდა - ფინანსთა მინისტრი დათმობებზე არ მიდის

ბიზნესი ისევ დიდი დარტყმის ქვეშ არის - ნაწილს გაკოტრება, თანამშრომლებს კი უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ. ყველაზე დიდი ქართული კომპანიების ხელმძღვანელები დღეს ფინანსთა მინისტრს ორი საათის განმავლობაში უხსნიდნენ, რომ შეცვლილი რეგულაციები მათ უდიდეს პრობლემებს უქმნის, თუმცა ვანო მაჭავარიანმა არგუმენტები არ გაიზიარა. 

დღემდე, 200-ზე მეტი ქართული კომპანია, რომელსაც პროდუქცია უცხოეთიდან შემოაქვს განბაჟების დროს 30 დღით, შეღავათიანი პერიოდით სარგებლობდა, ანუ თანხას ბიუჯეტში ერთი თვის განმავლობაში იხდიდა. ახალი წესების თანახმად კი მილიონები ახლა 5 დღეში უნდა ჩარიცხონ. ბიზნესი ამბობს, რომ ამას ვერ შეძლებს და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს.

ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება შესაძლოა მალე თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე აისახოს, რადგან საქმე ეხება უცხოეთიდან იმპორტირებულ პროდუქტს, მათ შორის კვების პროდუქტებს, რომელსაც ყოველდღიურად ასი ათასობით ადამიანი მოიხმარს.

იმპორტიორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ პრობლემა ძალიან სერიოზულია და ამიტომ, ბიზნესსა და მთავრობას შორის დავაში პარლამენტი უნდა ჩაერთოს.

ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს ოპოზიციაც. ამბობენ, რომ ივანე მაჭავარიანმა უნდა განმარტოს, რატომ გააუქმა მალულად კომპანიების ოქროს სია, რის გამოც ბიზნეს სექტორი მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა.

ახალი რეგულაცია კომპანიების ნაწილისთვის 12 ივნისს ამოქმედდება. 

ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი. 

დღის ამბები