21 ოქტომბერი 2020,   17:01
ვრცლად
გახარია: არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით, გამოყენებული არ ყოფილა

„არც ერთი ტყვია, რომელიც აკრძალულია კანონით ან არ არის გათვალისწინებული მსგავს ღონისძიებებში გამოსაყენებლად, გამოყენებული არ ყოფილა,“ - ეს განცხადება, შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

გიორგი გახარიას თქმით, პირველ საათებში აქცია პარლამენტის წინ საკმაოდ მშვიდობიანი იყო, თუმცა, შემდეგ ჯგუფურად, შეთანხმებით მოხდა პოლიციაზე თავდასხმა პარლამენტის შენობის შტურმის მიზნით.

„ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღონისძიება, რომლის მიზანი იყო შტურმის საშუალებით პარლამენტის სხდომათა დარბაზის აღება. და ეს როდესაც გახდა ნათელი, შესაბამისად, პოლიცია გახდა იძულებული შეესრულებინა თავის ფუნქცია, კონსტიტუციის, ინსტიტუციის და მოქალაქეების დაცვის. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების გარეშე,“ - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ასევე განმარტა, თუ რატომ გამოიყენეს მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვია და ხელკეტი. მისი განმარტებით, პოლიცია იძულებული იყო ეს ყველაფერი გამოიყენა მხოლოდ ინსტიტუციების დასაცავად.

„რაც შეეხება, ამ სპეციალური აღჭურვილობიდან, რატომ იყო გამოყენებული რეზინის ტყვიები, რატომ იყო გამოყენებული ვთქვათ, ცრემლსადენი გაზი ან რა თანმიმდევრობით იყო ეს ყველაფერი გამოყენებული, ეს იმდენად არის დაკავშირებული კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში რა ხდებოდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამოძიების საგანი, სხვა ყველაფერი არის სუბიექტური შეფასება,“ - განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება, დასახიჩრებულ ახალგაზრდებს, მინისტრი ამბობს, რომ ამ "ტრაგიკულ" შემთხვევებს გამოძიება სჭირდება.

„თქვენ ახლა რაღაც ტყვიებს, რეზინის ტყვიებს ეძახით რაკეტისებურს, ზოგი ეძახის დათვის. ეს უბრალოდ ცინიკური ტყუილია, რომელიც ხვალ და ზეგ გამჟღავნდება. ყველაფერს გამოძიება გამოიძიებს და იტყვის, რას რა სახელი უნდა დაერქვას. თუმცა, ის რეგლამენტები, რომლებიც არსებობს ამ რეზინის ტყვიების გამოყენების ნაწილში, შესაძლებელია, რომ იყოს გადახედული,“ - განაცხადა გახარიამ.

დღის ამბები