27 აპრილი 2024,   01:16
ვრცლად
აქციის მერვე დღე - პარლამენტის წინ პროვოკატორთა ჯგუფი გააქტიურდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების დისკრედიტაციის გეგმა, რომელიც არ მუშაობს - აქციის მონაწილეებმა ვიდეომასალა შეაგროვეს, სადაც ჩანს, რომ ხელისუფლების დაქირავებული სავარაუდო, აგენტ-პროვოკატორები აქციის მონაწილეების პროვოკაციებზე წამოგებას ცდილობენ და მათ შემდეგ ვიდეოს უღებენ.

პარლამენტის წინ დღეს იმ მოქალაქეების ერთი ჯგუფიც შეიკრიბა, რომლებიც ძირითადი საკითხებიდან ისრების გადატანას ცდილობდნენ, თუმცა პერმანენტული აქციების ორგანიზატორებმა ისინი ტერიტორიიდან გააძევეს.

სისხლიანი ღამის შემდეგ დაფუძნებული მოძრაობა "20 ივნისის" წევრებს, დღეს რუსთაველის გამზირზე აქციის ის მონაწილეები დაუპირისპირდნენ, ვინც სპეცრაზმის ტყვიების სამიზნე გახდა. პერმანენტული პროტესტის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მოძრაობა "20 ივნისი" ხელისუფლების სატელიტია, ამ მოძრაობის ლიდერი "ქართლი ოცნების" ყოფილი ჩინოვნიკია და ახლა ის, უკვე დარბეულების სახელით, სამთავრობო მედიის ეთერში არა გიორგი გახარიას, არამედ პოლიციელების დასჯას ითხოვს.

კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ ხურცილავა დაიბნა და გაღიზიანდა.

ოთარ ხურცილავა, რომელიც ფოთის მერის თანაშემწე იყო საზოგადოებას პრორუსული გზავნილებით დაამახსოვრდა. ის ფოთში რუსული დროშის დაწვას აპროტესტებდა და ვანდალიზმს უწოდებდა. ახლა ხურცილავა ამტკიცებს, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში არ უნდა მოხვედრილიყო, თუმცა ფიქრობს, რომ აქციის დარბევაზე გახარია პასუხისმგებელი არ არის.

რუსთაველზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორების თქმით, 20 ივნისის ღამის შემდეგ, ერთდროულად ამუშავდა ყველა ტროლი, ბოტი, ქარხნები და ფაბრიკები, რომლის მიზანიც ერთადერთია, რომ პასუხი აგოს ყველამ, გარდა მთავარი პოლიციელის გიორგი გახარიასი.

ერთ-ერთი ვიდეო პროვოკატორის მონაწილეობით, ილიაუნის ლექტორმა გიორგი მუმლაძემ აქციაზე გადაიღო. უცნობმა პროვოკატორმა აქციის მონაწილეებს ჯერ ლუდი დაურიგა, შემდეგ კი მათ ჩუმად უღებდა.

დღეს საპროტესტო აქციის მერვე დღეა, მოთხოვნა უცვლელია - 20 ივნისის სისხლიანი ღამის გამო, გადადგეს შს მინისტრი.

დღის ამბები