14 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
ეკა ბესელია იმ პირებზე საუბრობს, რომლებიც მისი თქმით, მოსალოდნელი მორალური ტერორის შესახებ აფრთხილებდნენ

ეკა ბესელიას სკანდალური განცხადება - "ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატი, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია, ამბობს, რომ მას გუნდის წევრები წასვლის წინ აფრთხილებდნენ.

განცხადება ბესელიამ "კურიერთან" ინტერვიუში გააკეთა, თუმცა აღარ დააკონკრეტა ვინ გააფრთხილა, რომ "ოცნებიდან" წასვლის შემთხვევაში, მასზე ზეწოლა და მორალური ტერორი მოხდებოდა.

ეკა ბესელიას კადრების გავრცელებიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ არ არსებობს პასუხი, ვინ დგას მორალური ტერორის უკან. ეკა ბესელია ამბობს, რომ მთავარი კითხვაა, ვინ იყო დამკვეთი, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულიყო. ბესელია ამბობს, რომ როცა ის გუნდის წინააღმდეგ წავიდა, თანაგუნდელებმა გააფრთხილეს, რომ მორალური ტერორის შემთხვევაში, მას ვერ დაიცავდნენ.

​"მასთანაც (ბიძინა ივანიშვილი) მქონდა ამ თემაზე საუბარი წამოსვლამდე. მე მჭირდებოდა მთავარ კითხვაზე პასუხი - ვინ ჩაიდინა ეს და იყო პირობა, რომ ეს იქნებოდა გამოძიებული, მან თქვა, რომ ეს არ იცოდა, მაგრამ უნდა გამოეძიებინათ. ამდენი ხანი გავიდა და ისევ პასუხგაუცემელია ეს კითხვები.

"​პოლიტიკურ ომში როცა შევედი სასამართლოს თემაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ეს ფრაზაც მოვისმინე - ვერ დაგიცავთო, გამეცინა, მე არაფერი მჭირდა დასაცავი, მე თვითონ ვიცავდი იმ გუნდს, რომელთან ერთადაც გამოვიარე შვიდი წელი. თუ ამას გულისხმობდნენ და ეს იყო ფორმა, რომელიც უნდა გამევლო, მე შინაგანად და მორალურად მზად ვიყავი, რადგან ესეთი რეპრესიები გავლილი მაქვს წინა წლებში,"-ამბობს ეკა ბესელია. 

ბესელიას განცხადებით, მას აღარ აქვს იმედი, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდება. პოლიტიკოსი ამბობს, რომ დასკვნებს თავად აკეთებს და მისი ერთ-ერთი ვერსიით, გამოძიება სწორედ იმიტომ არ იძვრის, რომ მისი ფარული კადრების გავრცელება „შორს არ არის მმართველი პარტიისგან.“

„ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებას რომ არ აქვს და არც მე მაქვს ეს არის იმის მიზეზი, რომ კვალი არ არის შორს იმ პირებისგან, ვისაც შეიძლება ჰქონოდა ინტერესი ამ დანაშაულის მოფიქრების და განხორციელების. ამის მიზანი შეიძლება ჰქონოდა იმ ადამიანებს, რომლის წინააღმდეგაც მოხდა ჩემი ნაბიჯების გადადგმა.

"ეს იყო ის ჯგუფი, რომელიც სასამართლოს გავლენიან ჯგუფად მოიხსენიება, მასთან დაკავშირებული პირები, ლობისტები, რომლებიც ლობირებდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას და მათ შორის პარტიულ შემადგენლობაშიც. ასე რომ მგონია,რომ ეს პროცესი არ არის შორს მმართველი პარტიისგან, ისე როგორც ვერ გამოვრიცხე ის ძალა, რომლის დროსაც მოხდამ ამ უკანონო ჩანაწერის განხორციელება,“-ამბობს ბესელია.

დღის ამბები