17 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
გვარამია ცდილობს, ისრები პოლიტიკური პროცესებისკენ გადაიყვანოს - გია ვოლსკი

ნიკა გვარამია ცდილობს, რომ ისრები პოლიტიკური პროცესებისკენ გადაიყვანოს - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გია ვოლსკიმ გააკეთა. ვოლსკის თქმით, "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის და მისი თანამოაზრეების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, თითქოს ხელისუფლება ოპოზიციის წევრების და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს, აბსურდია.  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებასთან ბიძინა ივანიშვილი კავშირში არ არის და ეს ფაქტი მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის საჩივრის საფუძველზე მოხდა.

„ნიკა გვარამია და ნებისმიერი სხვა პიროვნება, ვისაც დღეს აქვს საქმე საგამოძიებო ორგანოებთან და სასამართლოსთან იშველიებენ ერთ უკვე სტანდარტად შემოღებულ  განცხადებას, რომ არის პოლიტიკური დევნა და რასაკვირველია, ყველა ახსენებს ბიძინა ივანიშვილს. ნიკა გვარამია იყო გამოძახებული გამოკითხვისთვის და  არის საჩივარი კონკრეტული ადამიანის, კონკრეტულ თანხაზე და კონკრეტულ საკითხზე. იმის თქმა, რომ ეს კონკრეტული ადამიანი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ფეხის, თუ ხელის ფრჩხილის და დამცირება და შეურაცხყოფა ამ ადამიანის არანაირად არ ხსნის მის პასუხისმგებლობას, თუკი ასეთი არსებობს. მთავარი არის იყო თუ არა დანაშაული. ამ საკითხზე ლაპარაკს ყველა ერიდება, მათ შორის, ნიკა გვარამია ცდილობს, რომ ისრები პოლიტიკური პროცესებისკენ გადაიყვანოს. სანამ იქნები პოლიტიკოსი, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით უნდა გქონდეს სამართლებრივი პასუხი და არა იმის წამოძახება ყოველ წუთში, რომ პოლიტიკოსი რაღაც საფრთხეს წარმოადგენს მეორე პოლიტიკოსისთვის ხელისუფლებისათვის და ეს არის მისი დევნა,“- განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკა გვარამიას გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ის მოწმის სტატუსით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. 

პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. გვარამიას დაბარებას წინ უძღოდა მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთება. დღეს კი გაირკვა, რომ გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, "რუსთავი2"-ის ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალიაც ითხოვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები