ბედიის 999 წლის უნიკალური კომპლექსი განადგურების პირასაა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ტაძრის კედლები თითქმის სრულად დაზიანებულია. განადგურებულია მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები.
ვიდეოში კარგად ჩანს ვანდალიზმი. ღვთისმშობლისა და სხვა ფრესკებზე იკითხება რუსული წარწერები. აყრილია ტაძრის იატაკი, შენობაში ჩანს ხარაჩოები და მიმდინარეობს არასათანადო მეთოდოლოგიით სარესტავრაციო სამუშაოები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი "კურიერთან" ინტერვიუში ყველა იმ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით მდებარე, ბედიის კომპლექსში არსებობს. როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ გასულ წელს ტაძარში არსებული ბაგრატის ფრესკა სრულად განადგურებული იყო. დღეს, ტაძარში საეკლესიო მღვდელმსახურება რუსულ ენაზე აღევლინება.