15 სექტემბერი 2026,   23:23
ვრცლად
აქცია ტყიბულში - მეშახტეები კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ

დღეს დილიდან ტყიბულში მეშახტეების პროტესტი განახლდა. 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდნენ და უარს ამბობენ ამოსვლაზე სანამ არ მოხდება მიმდინარე ხელფასების გაცემა. 

"მეშახტეებს, როგორც წესი, შრომის ანაზღაურება 15 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ, თუმცა კომპანიამ ისინი სასწავლო წლის დაწყების დროს თანხის გარეშე დატოვა და უფრო მეტიც - კომპანიის წარმომადგენლები ვერც ეხლა ამბობენ როდის მოხდება ხელფასების დარიცხვა. მეშახტეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას შეასრულონ საბანკო და კომუნალური ვალდებულებები, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს, მათ ყოველდღიურად ეკისრებათ საბანკო ჯარიმები სესხის პროცენტის გადახდის ვადაგადაცილების გამო და იზრდება იმის შანსი, რომ მათ, როგორც აბონენტებს, შეუწყდეთ ბუნებრივი აირისა და ელ-ენერგიის მიწოდება,"- აცხადებენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირში.

პროფკავშირები მოუწოდებს საქართველოს ბანკს, "ენერგო პრო ჯორჯიას" და "სოკარ გაზს", რომ გაითვალისწინონ შექმნილი მდგომარეობა და კიდევ უფრო არ დაამძიმონ ტყიბულელთა სოციალური მდგომარეობა. ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ მოხდეს თანხების აკუმულირება ტყიბულელთა შრომის ანაზღაურების გასაცემად და ასევე მოხდეს მეშახტეების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით თუ რა გეგმა გააჩნია მთავრობას და კომპანიას ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით. 

დღის ამბები