ტყიბული მასობრივი საპროტესტო ტალღის მოლოდინშია. ორი დღეა მაღაროელები ქალაქის სრულ პარალიზებას აანონსებენ.
ქვანახშირის ქალაქში დასაქმებისა და შემოსავლის მიღების უმთავრესი წყარო სიცოცხლისთვის სარისკო სამუშაოს შესრულებაა. შახტში დასაქმებულებს, მათ შორის მათ, ვინც ამ დრომდე 300 მეტრის სიღრმეზე პროტესტს შიმშილობით გამოხატავს, მხოლოდ ორი მოთხოვნა აქვთ - იმუშაონ უსაფრთხოდ და კუთვნილი ანაზღაურება დროულად მიიღონ.
საქნახშირის დირექტორს კონკრეტული პასუხი არ აქვს, როდის შეძლებენ ხელფასების გაცემას, თუმცა კომპანიაში ვარაუდობენ, რომ პრობლემა, შესაძლოა, კვირის ბოლომდე გადაწყდეს.
მეშახტეების პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. ტყიბულის მცხოვრებლები და საქნახშირის თანამშრომლები შეკრებას ხვალ დილიდან კვლავ მერიის შენობასთან დაიწყებენ და მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებას დაელოდებიან.