ზალკალიანი-ლავროვის მოლაპარაკების შემდეგ დღეს ერგნეთში პირველი შეხვედრა იმართება. სოფელ ჩორჩანასთან და ოკუპირებულ წნელისთან განვითარებული მოვლენები შეხვედრის მთავარი თემა იქნება.
ერგნეთში შეხვედრა უკვე მეხუთედ იმართება, თუმცა ფაქტია, რომ ამ დრომდე წინა 4 შეხვედრა უშედეგო იყო, რადგან მონაწილეები კვლავ განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან.
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ პოლიციის სტანდარტული საგუშაგო ადგილზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მის გაუქმებას არ აპირებს. თავის მხრივ საოკუპაციო და დეფაქტო რეჟიმები აცხადებენ, რომ მათი საგუშაგოებიც არ გაუქმდება. ისინი 1300 მეტრით შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ამას ცენტრალური ხელისუფლება აპროტესტებს.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ე.წ. გადასასვლელების საკითხიც, მიმოსვლის აკრძალვის თემაც იქნება განხილული, რომელიც დეფაქტო და საოკუპაციო რეჟიმებმა სწორედ ჩორჩანაში შექმნილ ვითარებას დაუკავშირეს.
"კურიერი" შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ირაკლი ანთაძეს ესაუბრა.
"რესურსი დიალოგისთვის არის. დღეს საუბარი იქნება მხოლოდ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე. ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვის საკითხი მათ პირდაპირ დაუკავშირეს ყოველგვარი ობიექტური საფუძვლისა და მიზეზის გარშემო ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებს. ბუნებრივია, ამ კონტექსტში ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჰუმანიტარული განზომილება, რაც მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და მათი ყოველდღიური პირობების გაუმჯობესებას უკავშირდება, ეს იქნება სამედიცინო მომსახურება, სოციალური სერვისი თუ სხვა რამ, მიუღებელია იყოს ვაჭრობის საგანი," - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჟენევაში მომდევნო კვირასაც ისაუბრებენ, სწორედ იმ ფორმატში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობასაც ითვალისწინებს. დღევანდელ ტექნიკურ შეხვედრაზეც შუამავლები ეუთო და ევროკავშირი არიან.
რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც ხვალისთვის არის ჩანიშნული, უნდა გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი დიალოგი, თუმცა საოკუპაციო რეჟიმები კვლავაც აცხადებენ, რომ ამ ფორმატში სხვა თემებზე არ იმსჯელებენ მანამ, სანამ ჩორჩანას საკითხი არ გადაწყდება. ამას კი საქართველოს ხელისუფლება აფასებს როგორც დესტრუქციას და მცდელობას, რომ გამოინახოს საბაბი მონაწილეებს შორის დიალოგის ჩასაშლელად.