27 აპრილი 2024,   01:05
ვრცლად
"მოგზაური სახლი" - მამუკა ხაზარაძის მიერ რაზმაძეების ოჯახისთვის გაგზავნილი კოტეჯი მეპატრონეს ამ დრომდე ელის

მამუკა ხაზარაძის მიერ რაზმაძეების ოჯახისთვის გაგზავნილი სახლი მეპატრონეს ამ დრომდე ელის. საჩუქარი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ საზღვრის პირას უნდა დაედო ბინა, ოჯახმა არ მიიღო. მთელი დღის განმავლობაში სატვირთო ავტომობილზე დალაგებულმა კონსტრუქციამ გორსა და გუგუტიანთკარს შორის იმოგზაურა, თუმცა მისი მიღების მსურველი სხვა ოჯახი ამ დრომდე ვერ მოიძებნა. საჩუქარი ახლა სოფლის ყოფილ სკოლასთანაა განთავსებული და მეპატრონეს ელოდება.

მოგზაური სახლის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია. მთელი დღის  შემდეგ ხაზარაძის საჩუქარი კვლავ სატვირთო ავტომობილზე დარჩა. სოფლის და ოჯახის უარის შემდეგ არ არის გამორიცხული, კონსტრუქცია ისევ თბილისში დააბრუნონ.

რაზმაძეებისთვის განკუთვნილი ორმოცი ათასი ლარის ღირებულების სახლი გორში ოჯახთან კომუნიკაციის გარეშე ჩაიტანეს, ამას არც "ლელოში" უარყოფენ. მალევე გაირკვა, რომ რაზმაძეებს საჩუქარს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემდნენ თუ ისინი სახლს მხოლოდ გუგუტიანთკარში განათავსებდნენ.


სახლის ბედის გადასაწყვეტად ამჯერად "ლელოელებმა"  გორის მერს მიმართეს, სადაც მოძრაობის წევრებს განუმარტეს, რომ კონსტრუქციის გუგუტიანთკარში განთავსების შესახებ რაზმაძეებს მათთვის არაფერი უთქვამთ. შესაბამისად, თვითმმართველი ორგანო საჩუქრის ბედს დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა.

 სოფელში საჩუქრის მიმღები ვერც სხვა ოჯახი გამოინახა. "ლელოს" წევრების თქმით, მიუხედავად სოფლის მაცხოვრებლების სურვილისა, პროცესი ვიღაცამ განგებ შეაფერხა.

დღის ამბები