19 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
საპროტესტო აქცია მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ - მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ატოცში შესვლას მოითხოვენ

საპროტესტო აქცია მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ და ხმაური პოლიციის საგუშაგოსთან - მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ატოცში შესვლას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების სურვილი საოკუპაციო ზოლამდე მისვლა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ადგილიდან გაპროტესტებაა, იმ ტერიტორიიდან, სადაც საოკუპაციო ჯარმა ერთი დღის წინ მავთულხლართების გავლების პროცესი განაახლა.

პოლიციელები მათ ატოცში შესვლის უფლებას კვლავ არ აძლევენ.

"მუდმივად გრძელდება უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. დღეს მოძრაობა  „შეცვალეს“ წევრები შევიკრიბეთ იმისათვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საზღვრის მიღმა სოფლებში იმყოფებიან სოლიდარობა გამოვუცხადოთ და დავანახოთ, რომ მარტო არ არიან,“ - აღნიშნა "შეცვალეს“ წევრმა ვანო გომურაშვილმა.

"სამართალდამცველები გვეუბნებიან, რომ თურმე შიგნით ჩვენივე უსაფრთხოებისთვის ვერ შეგვიშვებენ. მაგრამ ვინც იმ სოფელშია, რომლის უსაფრთხოებაა დღეს დაცული, რომლის უსაფრთხოება იყო მაშინ დაცული, როდესაც ოკუპანტები ატოცის ტერიტორიას ღობავდნენ. ამაზე პასუხი არავინ არ გაგვცა. ხელისუფლებას არ აინტერესებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები. ჩვენ ვხედავთ იმ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც იქ არის, ვხედავთ როგორ იცლება სოფლები,“ - განაცხადა "შეცვალეს“ წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ.

მედიის წარმომადგენლებმა ატოცი უკვე დატოვეს, ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან რკინის ახალი ბადეები დახვდათ, რომელიც რუსმა სამხედროებმა ერთი დღის წინ დაამონტაჟეს. ატოცში უკანონო ბორდერიზაცია ამ ეტაპზე შეჩერებულია, საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები დღეს ადგილზე არ გამოჩენილან, მაგრამ ე.წ. სასაზღვრო ნაგებობის მეორე მხრიდან რუსი სამხედროების პატრულირება გრძელდება.

სოფელში ჩავიდა ევროკავშირის სადამკვირებლო მისიაც, ისინი ვითარებას ადგილზე ეცნობიან. ატოცში რჩებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც. ადგილობრივები სამეურნეო ნაკვეთების დამუშავებას სრულად ვერ ახერხებენ.

 

დღის ამბები