19 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
ოკუპაციასთან მარტო დარჩენილები - "კურიერი" ატოცში მოსახლეობას შეხვდა

ატოცში უკანონო ბორდერიზაციის დაწყებიდან მესამე დღეს "კურიერი" მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ რუსი სამხედროები საოკუპაციო ზოლთან შაბათის შემდეგ აღარ გამოჩენილან. სოფელი დაცლის საფრთხის წინაშეა. მცოცავი ოკუპაციის პირობებში მოსახლეობა მიწების დამუშავებას და თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს, რასაც სოციალური პრობლემებიც ემატება. ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ზემფირა პლიევა უკვე 22 წელია სოფელ ატოცში ცხოვრობს. წარმოშობით ოსი ქალბატონი ამბობს, რომ სოფელში ქართულ-ოსური ოჯახების რაოდენობა დიდია, თუმცა რუსული ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის პირობებში, კავშირი საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ახლობლებთან ყოველდღიურად რთულდება.

ატოცელების ცხოვრება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განახლებულმა უკანონო ბორდერიზაციამ ორი დღის წინ კიდევ უფრო დაამძიმა. ამ დროისთვის სოფელში სიმშვიდეა, თუმცა რუსულმა სამშენებლო ბრიგადამ ე.წ. საოკუპაციო ხაზს საკუთარი კვალი უკვე დაატყო. ოკუპანტების რკინის მავთულებს მიღმა მოხვდა გრიგოლ ბირთველიშვილის ნაკვეთის ნაწილიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას მიწის დამუშავებაზე უარის თქმა არ უფიქრია. ამბობს, რომ სოფელში ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა, იმ ფონზე, როდესაც ოკუპაციის პირობებში მათ დახმარებას არავინ უწევს.

უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, დღემდე სოციალური დახმარების დანიშვნის მოლოდინშია 79 წლის გიორგი დიდებულიძე. პენსიონერი ატოცში მარტო ცხოვრობს. როგორც დიდებულიძე ამბობს, მას მშობლიური კერა არასდროს დაუტოვებია და წუხს, რომ სოფელი, სადაც წარსულში 200-მდე ოჯახი ცხოვრობდა, დღეს ახალგაზრდებისგან იცლება.

მცოცავი ოკუპაცია და საკუთარ მიწაზე იძულებით გაჩენილი საზღვრები ოკუპაციის პირისპირ დარჩენილი ადამიანებისთვის ყოველდღიურობადაა ქცეული. სოფელ ატოცში სოფლებს რკინის ბოძებთან ერთად სპეციალურად გავლებული ლითონის მავთულები ყოფს.

დღის ამბები