27 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
მასშტაბური კიბერშეტევა უცნობი ზარალით - მორიგი საფრთხე რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობით, თუ ჰაკერების შურისძიება?!

პოლიტიკური კიბერთავდასხმა თუ ჰაკერების შურისძიება - ქვეყანა ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმის რეჟიმშია. გატეხილია 15 ათასი ვებ-გვერდი. ჰაკერების სამიზნე ქვეყნის სახელმწიფო და კერძო უწყებები გახდა. მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სასამართლოები, თვითმმართველობები და მედიაორგანიზაციები. კიბერშეტევის განეიტრალებას 2 დღე დასჭირდა. ბოლო ინფორმაციით, მასშტაბური ვირტუალური თავდასხმის შედეგები აღმოფხვრილია, დადგენილია მიზეზიც, მაგრამ ჯერჯერობით ვერსიებზე გამოძიება არ საუბრობს. საინტერესოა, ვინ, რა მიზეზით და როგორ დაიწყო ვირუსული შეტევა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე.

უპრეცედენტო მასშტაბის კიბერშეტევა, რომელიც 2000-მდე ინტერნეტმისამართზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "მე დავბრუნდები" ფოტოთი განხორციელდა, 2008 წლის ომის შემდგომ საქართველოში არ მომხდარა.

ორგანიზაცია "ქეისის" დირექტორი ლაშა პატარაია ტოტალურ კიბერშეტევას რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებს. ლაშა პატარაია ამბობს, რომ კიბერთავდასხმა ანტიპროპაგანდისტულ ნიშნებს შეიცავდა, რომელიც, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა.

კიბერთავდასხმის პოლიტიკურ ვერსიას არ გამორიცხავენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც და რუსული სპეცსამსახურებისა და ბიძინა ივანიშვილის საერთო ინტერესებზე საუბრობენ. მათი განცხადებით, მასშტაბური კიბერშეტევის უკან ხელისუფლება დგას, რომელიც მოახლოებული არჩევნებისთვის ემზადება.

ტოტალური კიბერთავდასხმის დეტალებზე უმრავლესობაში საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ კითხვებს პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს. რაც შეეხება, ოპოზიციის ბრალდებებს, წინასაარჩევნო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით, უმრავლესობაში სპეკულაციებს უწოდებენ. დღეს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაზარალებულ კომპანიებს რეკომენდაციებიც გაუწია და მაღალი სტანდარტის დაცვის სისტემის დაყენება ურჩია.

კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმის მიზეზი, შესაძლოა, რუსეთისთვის რუსი ჰაკერის იეროსლავ სუმბაევის გადაცემა იყოს. დეტალებზე მისი ყოფილი უფლებადამცველი საუბრობს. ზურაბ თოდუას მტკიცებით, სუმბაევის მეგობრებმა, მაღალკვალიფიციური ჰაკერების ჯგუფმა, საქართველოზე შური იძიეს.

კიბერთავდასხმის სხვა სახელმწიფოს შესაძლო კვალზე საუბრობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ თავდასხმა უცხო ქვეყნიდან მოხდა. დაზარალებული კომპანიების წარმომადგენელთა ნაწილი უკვე გამოიკითხა.

დაზარალებულები ამ დროისთვის ზარალს ითვლიან, ჯერჯერობით შეფერხებით აგრძელებს მუშაობას ტელეკომპანია "იმედიც". კომპანიები გამოძიების დასრულებასა და მიზეზების გაგებას ელოდებიან.

განხორციელებულ თავდასხმას საერთაშორისო ამერიკული გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" და BBC-იც  გამოეხმაურა. ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და ისრებს რუსეთის სპეცსამსახრებისკენ იშვერენ.

ცნობილი გახდა, რომ კომპანია "პროსერვისმა", რომელთა სერვერებზეც თავდასხმა განხორციელდა შედეგები აღმოფხვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროისთვის გამოძიებას ორი მუხლით აწარმოებს. თუ საიდან განხორციელდა ასეთი მასშტაბური კიბერთავდასხმა და რა ინფორმაციის გატანა შეძლეს ჰაკერებმა სერვერებიდან ამას გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები