27 აპრილი 2024,   05:33
ვრცლად
ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, თელავი, მცხეთა - ბოქლომებმა რეგიონებშიც ჩააღწია

ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, თელავი, მცხეთა - ბოქლომებმა რეგიონებშიც ჩააღწია. პროცესი პოლიციასთან დაპირისპირებებით და ზოგიერთ ქალაქში დაკავებებითაც კი დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა მაჟორიტარების ბიუროებზე ბოქლომების დადება ვერ მოახერხეს, თუმცა ხმაურიანი პროტესტი შედგა. მაჟორიტარ დეპუტატებში იყვნენ ისეთებიც, ვინც ბოქლომის დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ, თუმცა მათ ბიუროსთან არავინ გამოჩენილა.

ჩაქვში, აჭარის უმაღლესი საბჭოს ცენტრალური შესასვლელი დღეს ერთადერთი შენობა აღმოჩნდა, რომელიც ოპოზიციამ სიმბოლურად დააბოქლომა

ბათუმის მაჟორიტარ მუხრან ვახტანგაძესთან დღეს ოპოზიცია არ გამოჩენილა, თუმცა მან პრევენციული ზომები წინასწარ მიიღო და ოპონენტების დასახვედრად მოემზადა. ვახტანგაძის თქმით,  ადგილზე პოლიციასთან ერთად მისი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი მეგობრებიც მივიდნენ.

მუხრან ვახტანგაძის სამაჟორიტარო ბიუროსგან განსხვავებით მშვიდ ვითარებაში არ ჩაუვლია ზუგდიდის მაჟორიტარ მერაბ ქვარაიასთვის. ოპოზიციას ქვარაიას მხადამჭერებმა და პოლიციელებმა მაჟორიტარის კაბინეტის დაბოქლომების საშუალება არ მისცა, ამის გამო ოპოზიცია იძულებული გახდა ბოქლომი კიბის სახელურზე შეება.

ვიდრე ქუთაისის მაჟორიტართან, დიმიტრი მხეიძესთან ოპოზიცია გამოჩნდებოდა და ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა წინასწარ იზრუნეს და საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრის გრიგოლ შუშანიას კარებთან ცოცხები მიიტანეს.

ოზურგეთში არჩილ თალაკვაძის ბიუროსთან ოპოზიციის გამოჩენას ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მათ თალაკვაძის კაბინეტისთვის ბოქლომის დადების საშუალება არ მიეცათ და შენობაც ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

2 პირის დაკავებით დასრულდა ოპოზიციის გამოჩენა მცხეთაში, ევროპული საქართველოს წევრებს ადგილზე საკრებულოს წევრები და მმართველი პარტიის მხარდამჭერები დახვდნენ. იმის გამო, რომ მათ ბოქლომის დადების საშუალება არ მიეცათ, ხუნდაძის ბიუროსთან სტიკერების გაკვრა სცადეს, რაც პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის დაკავებით დასრულდა. ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

ბოქლომების გამოყენება ოპოზიციამ ვერც თელავში შეძლო, სადაც 2 მაჟორიტარის ირაკლი სესიაშვილის და გელა სამხარაულის ბიუროებია. მათ არც გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიუროს დაბოქლომების საშუალება მიეცათ, თუმცა შენობას სტიკერები წარწერით დალუქულია, მაინც გააკრეს.

ოპოზიცია მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან მისვლას და შესასვლელების დაბოქლომებას ყველა რაიონში გეგმავს.

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა რაიონში ოპოზიცია მაჟორიტარების ბიუროებთან მიდიოდა და მათი სამუშაო კაბინეტების კარებზე ბოქლომის შებმას ცდილობდა. თუმცა ამის საშუალებას ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები და “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არ აძლევდნენ.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები