18 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
სისტემის მსხვერპლი 15 წლის მოზარდი - ვინ აგებს პასუხს ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო

15 წლის მოზარდის გარდაცვალებამ, რომლისთვისაც "მწვანე სკოლის" კედლებზე გაკეთებული წარწერები საბედისწერო აღმოჩნდა, სკოლასა და პოლიციაში არსებულ სისტემურ ხარვეზებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

"მწვანე სკოლაში", სადაც 15 წლის ლუკა სირაძემ წითელი საღებავით კედლებზე წარწერები დატოვა, მისი გარდაცვალების შემდეგ, სასწავლო პროცესი შეწყდა. 

მას შემდეგ, რაც სირაძე მძიმე მდგომარეობის გამო იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა, არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში, სამართალდამცველების გარდა ის სკოლაც ფიგურირებს, სადაც ბიჭი მხოლოდ რამდენიმე თვე სწავლობდა. აუცილებელი იყო თუ არა, საქმეში სამართალდამცველების ჩართვა, ამაზე "მწვანე სკოლაში" საკუთარი არგუმენტები აქვთ.

15 წლის ლუკას ამბის გამო, გავრცელებული ინფორმაციით, თვითდაზიანებები მიიყენა ამავე სკოლის მოსწავლე გოგონამ. როგორც ირკვევა, ლუკას მეგობარ გოგონას დანაშაულის ჩამდენის ვინაობის დასახელებას სკოლის ადმინისტრაცია სთხოვდა. სკოლის ხელმძღვანელობამ ეს ფაქტი თავდაპირველად არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სკოლის პასუხისმგებელი პირები განათლების სამინისტროში დაიბარეს, სკოლის დირექტორმა კახა დავითურმა 15 წლის გოგონას ამბავი კატეგორიულად უარყო.

სკოლის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, მოსწავლის მხრიდან თვითდაზიანებების ფაქტი სახელმწიფო ინსპექტორმა დაადასტურა.

არასრულწლოვნისთვის შესაბამისი გარემო არ იყო არც პოლიციის განყოფილებაში და არც "მწვანე სკოლაში"- ეს ის ძირითადი დარღვევებია, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორმა საქმის მასალებიდან გამომდინარე ისაუბრა.

შექმნილ არასათანადო გარემოზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც." საიაში, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს, მიიჩნევენ რომ საქმის მასალების მიხედვით, რომელიც მათ გადასცეს, გამოკითხვის დროს სამართალდამცველების მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. იურისტები, სხვა მოზარდების უფლებების დარღვევაზეც ამახვილებენ ყურადღებას. საუბარია იმ მოსწავლეებზე, რომლებიც მომხდარ ფაქტზე გამოკითხეს.

საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანისა და იქ მყოფი სხვა პოლიციელების უდანაშაულობაზე საუბრობენ დაკავებული გამომძიებლის ინტერესების დამცველები. ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის მასალები დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის გამომძიებლის დაკავების საფუძველს არ იძლეოდა.

საქმის შესწავლის პროცესში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატიც. ნინო ლომჯარიამ დეტალები პირადად სახელმწიფო ინსპექტორისგან მოისმინა. ომბუდსმენი საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას არასრულწლოვნების დაპირისპირებაზე ამახვილებს ყურადღებას.

გახდა თუ არა 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი სამართალდამცველების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა, ან შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილება, იმ შემთხვევაში თუ "მწვანე სკოლის" ადმინისტრაცია პრობლემას მოსწავლეებსა და მასწავლებლებში გაარკვევდა, გამოძიება დაადგენს.

ამ ეტაპზე, 100-მდე მეტი პირი მოწმის სტატუსით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში უკვე გამოიკითხა. მათ შორის, არიან პოლიციელებიც და სკოლის წარმომადგენლებიც. არ არის გამორიცხული, რომ გამოძიების მსვლელობის დროს, კიდევ რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს. მანამდე, დაკავებული მარიანა ჩოლოიანი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

დღის ამბები