15 სექტემბერი 2026,   12:41
ვრცლად
მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) კონფერენციის ოფიციალური ნაწილი გაიხსნა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) 2026-2027 წლების პრეზიდენტი უწყება, თბილისში მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, თავის მოხსენებაში, დელეგატებს სიტყვით მიმართა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

„მოხარული ვარ, რომ, 2026-2027 წლებში გვაქვს პატივი, ქსელის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს ვუხელმძღვანელოთ და საერთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგის ფორმირებაში აქტიურად ჩავერთოთ. მოგეხსენებათ, კონფერენციის მთავარი ფოკუსი მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული აქტუალური გამოწვევების განხილვა, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და აღსრულების მიმართულებით, უფრო ეფექტიანი, ერთიანი მიდგომებისა და სტანდარტების ჩამოყალიბებაა. წინ მნიშვნელოვნად დატვირთული სამი სამუშაო დღეა, რაც თითოეული ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა, საერთაშორისო პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად, არა მხოლოდ განვიხილოთ არსებული გამოწვევები, არამედ კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და თანამშრომლობის მექანიზმებზე დავიწყოთ მუშაობა. ჩვენი მიზანი კი საბოლოოდ ყველასთვის ერთია - უკეთ დაცული მომხმარებელი.

პანელებში 55 ქვეყნის 100-მდე დელეგატი მონაწილეობს. მონაწილეები განიხილავენ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წარმოშობილ რისკებს, ციფრულ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებს, ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას საზიანო ონლაინ კომერციული პრაქტიკისგან, ე.წ. „ბნელ პატერნებს“, ინფლუენსერ-მარკეტინგს, ციფრულ გამჭვირვალობასა და მომხმარებელთა ნდობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ასევე მომხმარებელთა დაცვის უწყებების ინსტიტუციურ გაძლიერებას, უწყებათაშორის თანამშრომლობას, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2026–2027 წლებში ICPEN-ის თავმჯდომარე უწყებაა, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მთავარი გზავნილია „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“.

15-17 სექტემბერს გაიმართება დაგეგმილი პროგრამის ძირითადი ნაწილი, რომელიც მოიცავს თემატურ პანელურ სესიებს, მაღალი დონის შეხვედრებსა და დახურულ სამუშაო სესიებს.

17 სექტემბერს, ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მომხმარებელთა დაცვის სფეროში ინოვაციური ინიციატივების დაჯილდოება. კერძოდ, მსოფლიო ბანკი და ICPEN, მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებელთა დაცვის სფეროში განხორციელებულ ინოვაციურ და ეფექტიან ინიციატივებს გამოარჩევენ და ჯილდოს გადასცემენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი.

დღის ამბები