ზურაბ დათუნაშვილისა და გეგა გეგეშიძეს შორის კონფლიქტი დასრულებულია
მხარეების მორიგების დამადასტურებელი, ნოტარიულად დამტკიცებული წერილი დღის ბოლოს გამართულ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა წარადგინა. საქმე ეხება 11 იანვარს მომხდარ ინციდენტს, სადაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა სპორტსმენს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი 5 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.
"დაზარალებულმა მოითხოვა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებულიყო სისხლის სამართლის დევნის ალტერნატიული მექანიზმი - განრიდება.
სასამართლომ, ვინაიდან შუამდგომლობა იყო დასაბუთებული გასცა განჩინება იმის თაობაზე, რომ პროკურატურას დაუბრუნდა საქმე იმისათვის, რომ მომდევნოში, მომავალში ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნეს განრიდება," - განაცხადა პროკურორმა, გრიგოლ აბაშიძე.
უფლებადამცველის თქმით, ზურაბ დათუნაშვილისა და გეგა გეგეშიძეს შორის კონფლიქტი უკვე აღარ არსებობს.
"პროკურატურამ უკან გაითხოვა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე იმიტომ, რომ ფაქტობრივად მხარეები დათუნაშვილი და გეგეშიძე მორიგდნენ, შერიგდნენ, მათ შორის აღარანაირი კონფლიქტი აღარ არსებობს. ფაქტობრივად დაინტერესებული მხარე ამ კონფლიქტით აღარ არსებობს და მხარეთა შერიგების გამო ეს შუამდგომლობა დადგა," - განმარტა მარიამ ცუცქირიძემ.