09 დეკემბერი 2022,   16:21
ვრცლად
სპორტული 2019 წელი - 210 ოქრო და 210-ჯერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში

ყველაზე მეტად წარმატებული 2019 წელი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო. 210 ოქრო და შესაბამისად 210-ჯერ აჟღერებული საქართველოს ჰიმნი მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში.

ქართველი სპორტსმენები განსაკუთრებულად გამორჩეულები იყვნენ ოლიმპიურ სახეობებში, სადაც 6-მა ქართველმა ათლეტმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში. მარტო 2019 წელს ქართველმა სპორტსმენებმა 1200 მედლით გაამდიდრეს ქართული სპორტის ისტორია.

2019 კიდევ ერთხელ გაგვაოცა მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა მამაკაცმა, ლაშა ტალახაძემ ჯერ ევროპის ჩემპიონატი მოიგო, შემდგომ კი დაამტკიცა, რომ მას მსოფლიოს მასშტაბითაც არ ჰყავს კონკურენტი. ტაილანდში, ქალაქ პატტაიაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ტალახაძემ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება ყოველთვის რთულია თუმცა საქართველოს ძალოსნობის ნაკრებში იდეალური სიტუაციია შექმნილი, მთავარი მწვრთნელი, გიორგი ასანიძე ყოველთვის ახერხებს სპორტსმენების მოტივირებას.

25 წლის ქართველი პლანეტის უძლიერესი ძალოსნის ტიტულის მფლობელი მეოთხედ გახდა, ტალახაძე საქართველოშიც დააფასეს, ის ზედიზედ მეოთხედ წლის საუკეთსო სპორტსმენად აღიარეს.

მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული ექვსი ოქროს მედლიდან ოთხი მოჭიდავეების ანგარიშზეა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 12-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ჰიმნი ააჟღერეს. ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე გახდნენ. კიდევ ორი ოქრო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზეა, ბექა ლომთაძემ ფინალში რუსი სპორტსმენი დაამარცხა. ზედიზედ მესამედ ჩემპიონის ტიტული გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, ფინალში ქართველმა მოჭიდავემ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულს ბოლო წამებზე განხორციელებული გდებით აჯობა.

ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური ორთაბრძოლის შემდეგ ყველაზე სკეპტიკურად განწობილებმაც დაიჯერეს, რომ ჩხვიმიანი ოქროს მედალს არავის დაუთმობდა, ჩხვიმიანი რიგით მე-7 ქართველია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

ძიუდოისტების კიდევ ერთი წარმატება სუსტი სქესის წარმომადგენელს უკავშირდება, ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ლეგენდარულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია პირველივე ცდაზე გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ზედიზედ მე-9 ოლიმპიადაზე გამოვა რაც წარმოუდგენელი შედეგია. ნინო სალუქვაძე 2019 წლის საქართველოს საუკეთესო ქალ სპორტსმენად სრულიად დამსახურებულად აღიარეს.

წარმატებული იყო 2019 წელი ქართველი პარასპორტსმენებისთვის, ირმა ხეცურიანი სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ეროვნულმა ნაკრებმა კი ეტლით ფარიკაობაში კორეის რესპუბლიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.

გასული წელი განსაკუთრებული იყო საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციისთვის. ქართველმა სპორტსმენებმა ელიტურ ტურნირებზე მიაღწიეს წარმატებას, სხვადასხვა სინჯის მედლები მორის ყვითელაშვილმა და ალინა ურუშაძემ მოიპოვეს. მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა კი ტურინში გამართულ გრანპრიზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. ქართულმა წყვილმა ფავორიტი ამერიკელი და რუსი სპორტსმენები სოლიდური ფორით დაამარცხა.

2019 წელს ბრუკლინის Barclays Center-ში NBA-ს დრაფტი გაიმართა. ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე მე-18 ნომრად ინდიანა პეისერსმა აირჩია. ამ დროისთვის ბითაძე ინდიანაპოლისის გუნდის სრულფასოვანი წევრია.

2019 წელი უმაღლეს დონეზე ჩატარეს ესპანეთის ლიგა ენდესაში მოთამაშე თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა. ორივე მოთამაშეს ფაქტობრივად ყველა შეხვედრაში MVP-ს ტიტული გარანტირებული აქვს. ამასთან ერთად ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც სისტემატურად ხვდებიან.

ჩემპიონი არაოლიმპიურ სახეობაშიც გვყავს. ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი მსოფლიოს ტოპ რვის გამარჯვებულია. ქართველმა "ჰალკმა" ფინალურ დაპირისპირებაში რუსი ვიტალი ლალეტინი 6:0 გაანადგურა და მსოფლიოს უძლიერესი მკლავჭიდელის ტიტული მოიპოვა.

2020 წელს არაერთი საინტერსო სპორტული მოვლენა გველის, ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას ტოკიო უმასპინძლებს, 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით იაპონიის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

ოლიმპიადის დაწყებამდე 4 თვით ადრე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს იწყებს. 26 მარტს ერთა ლიგის ნახევარფინალში ქართველი ფეხბურთელები ბელორუსის დამარცხებას შეეცდებიან. ერთა ლიგის მოგების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს რაზეც უკვე 30 წელზე მეტია ქართველი გულშემატკივარი ოცნებობს.

პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ერთ ჯგუფს საქართველო უმასპინძლებს. გადაწყვეტილება ფიბა-ს ბორდმა 15 ივლისს მიუნხენში მიიღო. ევროპის ჩემპიონატის მატჩებს თბილისში მდებარე ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს, რომლის რეკონსტრუქციაც იანვარში დაიწყება, 2021 წელს სპორტული ნაგებობა სრულად დააკმაყოფილებს ფიბას სტანდარტებს.

დღის ამბები