24 წლის ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ზურაბ ფოფხაძის ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვენ კონკრეტული ორგანიზაციები, რომ საქმით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაინტერესდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილ თანამშრომელს გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავება, საუბარია ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სწორედ ეს კვალიფიკაცია გახდა არგუმენტი ინსპექტორის სამსახურისთვისაც, რომ სასიკვდილოდ ნაცემი ახალგაზრდის საქმით არ დაინტერესებულიყვნენ.
დაკავებული სპეცრაზმელის ზურაბ ფოფხაძის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა ფიქრობს, რომ "პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებები" და პოლიტიკური პარტიები არ უნდა კორექტირებდნენ იმ საკითხებს, რაც სამართალს ეხება.
"პროკურატურა ამას იძიებს და სახელმწიფო ინსპექტორმა ამ მუხლს რაღა უნდა დაუმატოს, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია საშუალებები არ უნდა შედიოდეს კორექტირებაში რაც სამართალს ეხება," განაცხადა მევლუდ ჯანჯღავამ.