23 აპრილი 2024,   11:01
ვრცლად
კახეთში სამმა შეიარაღებულმა პირმა 15 წლის გოგონა გაიტაცა

კახეთში 15 წლის გოგონა მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაიტაცეს. სამი გამტაცებლიდან ავტომობილში გოგონას ძალით ჩასმაში მხოლოდ ორმა მიიღო მონაწილება. ერთი მათგანი მანქანიდან არ გადმოსულა და ის სავარაუდოდ საჭესთან იჯდა.

15 წლის გოგოს კისერში ხელი მოუჭირეს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. ოჯახის თქმით, გოგონამ დაზიანება თავის არეში მიიღო.

არასრულწლოვანი გამტაცებლებს 5 თებერვალს პირველად შეხვდა, გატაცების შემდეგ ის სოფელ არაშენდაში ერთ-ერთის ბიძის ფერმაში მიიყვანეს, სადაც 5 საათის განმავლობაში დატოვეს.

ერთ-ერთ გამტაცებელს გოგონასთან დაოჯახება სურდა. სწორედ მისმა ბიძამ, ვის სახლშიც გატაცებული არასრულწლოვანი მიიყვანეს, გოგონა სოფლის შესასვლელთან მდებარე ხიდზე დატოვა და ამ ფორმით სახლში დააბრუნა.

დაზარალებულის ოჯახის წევრები სამივე პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

საგარეჯოს პოლიციის სამმართველომ 2 პირი უკვე დააკავა. მათ გამოძიება არასრულწლოვნის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას ედავება. სწორედ 17 წლის არასრულწლოვანს სურდა 15 წლის სკოლის მოსწავლესთან დაოჯახება და დახმარება ნათესავებს თხოვა.

დაკავებული არასრულწლოვნის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, რომელიც ამ დრომდე საქმის მასალებს არ იცნობს. დაკავებულებს ბრალს ხვალ წარუდგენენ.

სახლში დაბრუნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გოგონა უკვე გამოიკითხა და მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 143 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს.

დაკავებულ პირებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"კურიერის" ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მესამე პირის დაკავებაზე ამ დრომდე მუშაობს.

დღის ამბები