27 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
ფაქტი არის ერთი, გზა რომელიც აირჩია ოპოზიციამ აშინებს ივანიშვილს - გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ გიგი უგულავა პირველ კომენტარს აკეთებს.

"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი სასამართლოს გადაწყვეტილებას ივანიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

"როგორც ცნობილია, ივანიშვილმა თადუმაძის ხელით პრაქტიკულად იგივე საქმეზე გამოიტანა განაჩენი, რაზეც მაქვს მოხდილი. მერე დაიწყება სპეკულაციები, რომ ეს ის არ არის და ეს სხვა საქმეა, დაიწყება დამტკიცება ამ ბოდვის.

მე არ ვაპირებ შევიდე სამართლებრივ ნაწილში იმიტომ, რომ სამართლებრივად ეს ყველაფერი უბრალოდ ცარიელი ადგილია და არაფერზე საუბრით არ გადაგღლით. ეს არის ჩვეულებრივად უსამართლო გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. ეს არის პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელიც შეასრულეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც ფორმალურად რომ ვთქვათ, იმის დროც კი არ ჰქონდათ, რომ ამ საქმეს გაცნობოდნენ.

ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც კი და თავმოყვარეობაზე იქ ახალდანიშნულებზე ძალიან დაბალი ნიშნულია, მოგეხსენებათ, მაგრამ ოდნავ თავმოყვარე მოსამართლემაც არ შეასრულა ეს ბრიყვული ბრძანება.

რას ვაპირებ მე, მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი, მინიმალური ღელვა და მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე. ფაქტი არის ერთი, გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ, აშინებს ივანიშვილს. ერთობა, რომელიც აქ სუფევს, არის გამარჯვების წინაპირობა. ამ გზაზე იქნება დაჭერები და მიუხედავად აი იმ პოლიტიკური წნეხისა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ივანიშვილი ფაქტია, რომ მთლიანად გონდაკარგულია. ეს არის ცუდი, მაგრამ ეს არის მოცემულობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

არავითარი დაჭერა, გინდა პოლიტიკური ლიდერების და ნებისმიერი ჩვენგანის, არ შეგვაცვლევინებს ჩვენს აზრს და არ ვაპირებთ რაღაც ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან. ივანიშვილი ასეთი ქმედებებით მხოლოდ და მხოლოდ ძაბავს სიტუაციას და ახდენს სიტუაციის რადიკალიზაციას, რაც ქვეყნისთვის არის ცუდი, მაგრამ მისთვის დამთავრდება ძალიან ცუდად.

თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ მეორეჯერ წავიდე ციხეში, უფრო სწორედ მესამეჯერ. შეზღუდული სივრცე არის ამავე დროს შესაძლებლობა და მეტი თავისუფალი დრო, შესაბამისად, მე ამაზე არ ვწუხვარ.

სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნაწილი საერთოდ არაფერ კავშირში არ არის სამართალთან. ეს არის გონებადაბინდული, შიშისაგან დამფრთხალი ადამიანის კონვულსიური ქმედებები, რომელიც აზიანებს ქვეყანას, მის მომავალს და მის პერსპექტივას. ჩვენ ეს უნდა მივიღოთ მოცემულობად და დავამარცხოთ. მე ამ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებ ციხიდან," - განაცხადა გიგი უგულავამ.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

დღის ამბები