20 აპრილი 2024,   02:07
ვრცლად
ფეისბუკმეგობრებისთვის ფულის თხოვნა მეგობრის სახელით - ქართველი სამართალდამცველები თაღლითობის ახალ სქემას იძიებენ

ქართველი სამართალდამცველები თაღლითობის ახალ სქემას იძიებენ, - საუბარია კიბერდანაშაულზე, რომლის მსხვერპლიც, ძირითადად, ფეისბუქმომხმარებელია.

როგორც ირკვევა, ჰაკერები სოციალური ქსელის პროფილებში შეღწევას ახერხებენ და თანხის ჩარიცხვის თხოვნით, ფეისბუქმომხმარებლებს ათეულობით მესიჯს უგზავნიან. არის შემთხვევები, როცა დამნაშავეები საბანკო ბარათის მონაცემებსაც ითხოვენ. სპეციალისტების შეფასებით, დანაშაულის გამოვლენა მარტივი და სწრაფი არ იქნება.

ერთ-ერთ ფეისბუკმომხმარებელს სოციალურ ქსელში შესვლისას დახვდა ელექტრონული წერილი, რომ მის ექაუნთზე შესვლა სხვა IP მისამართიდან მოხდა, მას ასევე მეგობრებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი სახელით თანხის ჩარიცხვას ითხოვდნენ.

მისი სახელით თხოვნა 100-მდე ფეისბუკმეგობართან იყო გაგზავნილი. თაღლითობის მსხვერპლი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო, საჯაროდ გამოჩენა არ სურს, "კურიერს" უყვება, რომ დამნაშავეთა ჯგუფმა, მისი ფეისბუკპროფილი გატეხა, რამდენიმე წუთის განმავლობაში სარგებლობდა და სწორედ ამ დროში მოასწრო შეტყობინებების გაგზავნა. მოთხოვნილი თანხა სოლიდური არ იყო, 30-50 ლარს შეადგენდა, მაგრამ ფეისბუკმეგობართა რაოდენობის მიხედვით საკმაოდ დიდი თანხა გროვდებოდა. ახალგაზრდა მამაკაცი ეჭვობს, რომ თაღლითებმა, მის პროფილში და ანგარიშში შეღწევა მას შემდეგ მოახერხეს, რაც ერთ-ერთი უნივერსიტეტის დაუცველი Wi-Fi გამოიყენა.

თანხის გარდა, ე.წ ფეისბუქთაღლითები, სხვისი სახელით და გვარით საბანკო ბარათის მონაცემებსაც ითხოვენ. მიზეზად კი ასახელებენ, რომ თანხა მოიგეს და ჩარიცხვისთვის ბარათი არ აქვთ.

სოციალური ინჟინერიის შეტევა - ასე უწოდებენ ახალ თაღლითურ სქემას სპეციალისტები და არ გამორიცხავენ, რომ თუ დროული რეაგირება არ იქნება, დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდოს.

თაღლითური სქემების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ექსპერტები ფეისბუკმომხმარებლებს რჩევებს აძლევენ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც საფრთხის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს, ინფორმაციის გადამოწმებაა, ასევე აუცილებელი პერსონალური ინფორმაციის დაცვაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თაღლითობის ახალ სქემასთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

დღის ამბები