18 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
ადამიანების ეთნიკური ნიშნით კატეგორიზაცია მიუღებელია - ბოლნისის დეპუტატი რეგიონში სიტუაციის მიზანმიმართულ დაძაბვაზე საუბრობს

ბოლნისის მაჟრიტარმა დეპუტატმა  მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ "დღის კურიერში" ისაუბრა. გოგი მეშველიანის თქმით, ამ დროისთვის, 120 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა ეს თანაბრად არაა განაწილებული და ძირითადად  7 დასახლებულ პუნქტის მონაცემებია, მათ შორის, სოფელ მუშევანშიც.

ბოლნისის დეპუტატის  თქმით, მუნიციპალიტეტში ისევ არსებობს პრობლემები ტესტირებასთან დაკავშირებით, რადგან მოსახლეობის ნაწილი ისევ უარს აცხადებს კვლევაზე. როგორც გოგი მეშველიანმა განაცხადა, ამ პრობლემის დასაძლევად მუნიციპალიტეტში კორონავირუსთან საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ. დეპუტატის თქმით, მუშაობა მიდის იმ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც რეგიონში ვრცელდება, თითქოს კორონავირუსი არ არსებობს.

"არ ვიტყოდი, რომ უშედეგოა ჩვენი მუშაობა, გუშინ, გუშინწინ, 74 ნაცხი ავიღეთ ამ სოფლიდან, საიდანაც 12 დადასტურება გვაქვს და ბუნებრივია, პირველ რიგში ამ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებთან ვმუშაობთ, რომ აიღონ ანალიზები,"- აღნიშნა გოგი მეშველიანმა

დეპუტატმა ბოლო პერიოდში გაკეთებულ ქსენოფობიური შინაარსის განცხადებებზეც გააკეთა კომენტარი და ამას მიუღებელი უწოდა:

"ჩვენს რეგიონში ინფექციის გავრცელების სიტუაციამ, რატომღაც, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მიიღო ქსენოფობიური განცხადებების ხასიათი. ძალიან ბევრი რატომღაც თვლის, რომ ეს არის ერთი ეთნიკური ჯგუფის პრობლემა, თუმცა მე გარწმუნებთ, რომ ნამდვილად ასე არ არის, თუნდაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მაგალითზე და საერთოდ მიუღებელია ჩემთვის დაავადებული ადამიანების ეთნიკური ნიშნით კატეგორიზაცია. მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას, მნიშვნელობა არ აქვს მის სტატუსს, ნებისმიერი ასეთი რამ ძალიან მტკივნეულად მოქმედებს ჩვენს თანამოქალაქეეზე," - განაცხადა გოგი მეშველიანმა და არ გამორიცხა, რომ რეგიონში სიტუაციის არევა, შესაძლოა, მიზანმიმართულადაც ხორციელდებოდეს, თუმცა მისი თქმით, ამ ეტაპზე მას კონკრეტული მტკიცებულებები არ აქვს.

"საკმაოდ არსებობენ დესტრუქციული ჯგუფები, რომლებიც არ მოერიდებიან ესეთი სპეციფიკური საკითხებით სპეკულირებას იმისთვის, რომ დაანთონ ცეცხლი ასეთ რთულ რეგიონში, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია ხელისუფლების მორყევის მიზნით. ეს ხმამაღალი განცხადებაა, თუმცა ამის საფუძველი გვაქვს. როცა სიტუაცია იძაბება, მაშინვე ჩნდება პოლიტიკური აქტორი, სოფლის მასშტაბის მაინც, რომელიც ცდილობს ადგილობრივი საზოგადოების წაქეზებას და რადიკალიზაციას," - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

ბოლნისის დეპუტატმა ჩაკეტილი დასახლებების სურსათითა და მედიკამენტებით მომარაგებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვადასხვა სქემების გამოყენებით, მათ შორის მოხალისეების მეშვეობითაც ამ დასახლებების მომარაგება შეუფერხებლად ხდება

 

დღის ამბები