ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ყოფილი მეუღლეც კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრობენ. მხარეები ვიდეოჩანაწერებს ეყრდნობიან, თუმცა ამ ჩანაწერს ორივე მხარე საკუთარი ვერსიის გასამყარებლად იყენებს.
როგორც ჩოგბურთელის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, ძალადობის ვერსიის დასამტკიცებლად, ჯერჯერობით საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.
ადვოკატის განცხადებით, ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ყოფილი ცოლის მხრიდან კი, ბასილაშვილების ოჯახი პროვოკაციას მუდმივად ელოდა, რასაც გარკვეული საფუძველი აქვს.
ირმა ჭკადუა პროვოკაციის საფუძვლებზე ჯერჯერობით ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობს.
"ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ის იყო საკუთარ სახლში, სასამართლოს მიერ გამოყოფილ დღეს, როდესაც მას საკუთარი შვილის ნახვა შეუძლია ანუ ხუთშაბათს და შაბათს. ხუთშაბათს მან წამოიყვანა ბავშვი და 40 წუთში მისი ყოფილი მეუღლე მივიდა ბასილაშვილებთან და პრაქტიკულად ბავშვი ძალით წაიყვანა. ბასილაშვილების ოჯახი მუდმივად იყო მზად ამ პროვოკაციებისთვის, რაც შეეხება პროვოკაციის საფუძვლებს, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ,"- განაცხადა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.