27 აპრილი 2024,   02:41
ვრცლად
ვიხილეთ საკმაოდ იმედგაცრუებული ოპოზიციური ფლანგი - იუსტიციის მინისტრი პრემიერის მოხსენებაზე

პრემიერის ანგარიშს, რომლეიც პანდემიის მართვასა და ანტიკრიზისულ გეგმას მოიცავდა, ამომწურავს უწოდებს უმრავლესობა. მათი განცხადებით, პანდემიის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება, სწორედ მთავრობის სწორი სტრატეგიის შედეგია.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციის მიზანი, ვირუსისგან დაზარალებული ხალხის მთავრობის წინააღმდეგ მიმართვა იყო, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს, რათა დაზარალებული მოსახლეობა და ბიზნეს სექტორი კრიზისიდან მარტივად გამოვიდეს

"ვიხილეთ საკმაოდ იმედგაცრუებული ოპოზიციური ფლანგი. მე პირადად მქონდა ეჭვი, რომელიც დღეს დამიდასტურდა, რომ მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ კორონათი დაზიანებული ქართველი ხალხი შემოუტრიალდებოდა საკუთარ ხელისუფლებას და ამით იხეირებდნენ. ამის საპირისპიროდ გვაქვს შედეგები, ეს შედეგები ამ ეტაპისთვის არის პოზიტიური. ახლა უნდა მივყვეთ ძალიან სწრაფი ტემპით ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

პრემიერის პარლამენტში წარდგენილს მოხსენებას წარმატებულად აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი გაეცა. 

"ყველა კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი. მთლიანობაში მოხსენება იყო ისეთივე წარმატებული, ისეთივე კომპლექსური, როგორი წარმატებაც იქნა მიღწეული ამ დიდი კრიზისის გადალახვისას. თანაბრად იყო დათმობილ ყურადღება, როგორც პრევენციული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების მიმართ, ასევე თვითონ ეკონომიკასთან მიმართებაში, თუ რა გავატარეთ, რას ვგეგმავთ,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის შეფასებებს სპეკულაციურს უწოდებს.

"რამდენად სპეკულაციური უნდა იყოს განცხადება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას უწოდო ცარიელი ფურცლებით მოვიდა პრემიერიო, მე ვერც წარმომიდგენია, თუმცა ჩვენ რეალობაში ამის წარმოდგება შემდეგ უკვე გვიწევს ხოლმე. ჩვენ პირველი ეტაპი ძალიან წარმატებით გადავლახეთ, გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სახელმწიფოს შესაძლებლობების მაქსიმუმის მუშაობს და უახლოეს დღეებში გაიცემა იმ კომპენსაციების გაცემა, რაც სახელმწიფომ დააანონსა," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

დღის ამბები