30 ოქტომბერი 2026,   20:31
ვრცლად
ვითხოვთ, რომ სარჩელი მოპასუხის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, სასამართლომ თავისივე განცხადების შესაბამისად, კომისიის დასკვნის ფაქტები გამოკვლევის გარეშე დადგენილად არ მიიჩნიოს, თითოეული მოპასუხის საქმე ცალ-ცალკე შეაფასოს - მაია კოპალეიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არა კონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. დღეს სასამართლო კოლეგია, ახსნა-განმარტებით, კოალიცია "ცვლილებისთვის“ წევრებს უსმენს. გუშინდელ პროცესზე კი სიტყვის უფლებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ისარგებლეს და ვრცლად ისაუბრეს სააკაშვილის ხელისუფლების გახმაურებულ საქმეებზე.

მძიმე დანაშაულების გამართლების მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, მაია კოპალეიშვილის თქმით, სარჩელი მოპასუხის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სასამართლომ თავისივე განცხადების შესაბამისად, კომისიის დასკვნის ფაქტები გამოკვლევის გარეშე დადგენილად არ მიიჩნიოს.

"როგორ იცავთ დემოკრატიას, როდესაც აუქმებთ მრავალპარტიულობას ამ ქვეყანაში და გინდათ, რომ ერთპარტიული სისტემა თქვენი პარტიის სახით დაამყაროთ ამ ქვეყანაში? სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი თითქმის მთლიანად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაა. ეს მასალა კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებაა, მოსარჩელის საკუთარი მტკიცებაა და არა მტკიცებულება. ფაქტები, რომელთა არსებობაც დანაშაულის ჩადენას გულისხმობს, მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეიძლება, რომ დადგინდეს. მთავრობის გადადგომის, ახალი არჩევნების მოთხოვნა და ხელისუფლების ლეგიტიმურობის პოლიტიკური არაღიარება კონსტიტუციური წყობილების მექანიზმებია და არა მისი უარყოფა. ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის მოთხოვნა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოთხოვნას არ უდრის, რა სიტყვითაც არ უნდა იყოს იგი პოლიტიკურ ლექსიკონში გამოხატული.

არჩევნების შედეგების არაღიარება და საპარლამენტო ბოიკოტი, აღნიშნული ევროპული სტანდარტით დაცული პოლიტიკური საქმიანობაა. მანდატზე უარი კი კონსტიტუციის 39-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების გამოყენებაა. არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს ქმედება პარტიის აკრძალვის საფუძველს არ ქმნის. ჩვენ ვითხოვთ, რომ სარჩელი მოპასუხის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სასამართლომ თავისივე განცხადების შესაბამისად, კომისიის დასკვნის ფაქტები გამოკვლევის გარეშე დადგენილად არ მიიჩნიოს, თითოეული მოპასუხის საქმე ცალ-ცალკე შეაფასოს", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა მაია კოპალეიშვილმა.

დღის ამბები