18 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო შესაძლოა კვირის ბოლოდან გახდეს 

არ არის გამორიცხული, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო უკვე კვირის ბოლოდან გახდეს. კანონპროექტს დეპუტატები სესიაზე პირველი მოსმენით დღეს კენჭს უყრიან. ახალი რეგულაციების მიხედვით, პირბადის უგულებელყოფა საჯარო დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში 20 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.  ტრანსპორტში ნიღბის გარეშე მყოფი მგზავრის გარდა დაჯარიმდება მძღოლიც. ახალი რეგულაციებით შესაძლოა დაიშვას გამონაკლისებიც. კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიცია - ის ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

"ქართული ოცნება" ფიქრობს ჯარიმებზე, როგორ დააჯარიმოს საზოგადოება და არა ის რეალური დახმარებით, როგორ გახადოს ადამიანებისათვის შესაძლებელი ცხოვრება COVID-19-ის პირობებში," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს პირბადის შეძენის საშუალებაც კი არ აქვს:

"ადმინისტრაციული ჯარიმები აუცილებელია, ოღონდ ის უნდა იყოს გამოყენებული სამართლიანად და ყოველი კონკრეტული შემთხვევა გათვალისწინებული და უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში არის 2 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ერთ პირბადეში გადაიხადოს ერთი პურის ფასი," - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ჯარიმის რაოდენობისა და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისობაზე საუბრობს დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილიც.

"ჯარიმის რაოდენობა უნდა იყოს იმდაგვარი, რომ ზედმეტად დიდ და აუწევად ტვირთად არ დააწვეს მოქალაქეებს, რომლებსაც ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შემუშავებული მექანიზმი მაქსიმალურად დაბალანსებული და რაციონალურია:

"ჩვენ შემოგვაქვს მაქსიმალურად დაბალანსებული, რაციონალური მექანიზმი, რომ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები