ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ გარემოებებიდან გამომდინარე, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ დაგეგმილი, შესაძლო დანაშაულის ერთადერთი ავტორი რუსეთის ფედერაცია შეიძლება იყოს. მისი თქმით, ამის დასტურია ის მწვავე შეფასებები, რომელიც რუსეთის დუმაში და თავად ვლადიმერ პუტინის მიერ გიორგი გაბუნიას განცხადების შემდეგ გაკეთდა.
"მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ღია წყარო და საჯარო განცხადებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, არც გაბუნიას პიროვნებასთან დაკავშირებულ საქმესთან დაკავშირებით და არც კადიროვის კვალთან დაკავშირებით, ყველაზე მარტივი ახსნა, რატომ შეიძლება ეს კადიროვს დაუკავშირდეს, ეს არის საჯარო მუქარა, რომელიც მან გაბუნიასთან დაკავშირებით განაცხადა და მისი მეთოდები, რითიც ის ამ მუქარას ასრულებს ხოლმე. შესაბამისად, აქ, ერთის მხრივ, არის პირადი შურისძიება, და ის მუქარა, რომელიც კადიროვმა ახსენა და მეორე, რუსეთის ინტერესი. ჩვენ გვახსოვს, რუსეთის დუმაში როგორ მკვეთრად განიხილეს გაბუნიას განცხადებების პუტინთან დაკავშირებით და, მათ შორის, პუტინის განცხადებები,"-განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ივნისს თბილისში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.