27 აპრილი 2024,   03:12
ვრცლად
კოვიდინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიოში 9 მილიონს მიაღწია

კოვიდინფიცირების შემთხვევებმა მსოფლიოში 9 მილიონს მიაღწია, პანდემიამ 467 000 ადამიანი იმსხვერპლა. ამჟამად ვირუსის დამარცხება 3 700 000-ზე მეტი ადამიანი ცდილობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 264 შემთხვევა გამოვლინდა, 49 ადამიანი კი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 238 275 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 34 610 ვირუსს ემსხვერპლა.

საფრანგეთში COVID-19-ით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის გამო, ქვეყნის დედაქალაქში დემონსტრანტებმა ჯანდაცვის სამინისტროს ფასადს წითელი საღებავი შეასხეს. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ეს იმ ადამიანების სისხლის სიმბოლოა, ვინც ქვეყანაში COVID-19-ით გარდაიცვალა. აქციის მონაწილეებმა მთავრობას ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისკენ მოუწოდეს.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის შედეგად 128 ადამიანი გარდაიცვალა. გაერთიანებულ სამეფოში COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვი სულ 42 589-მდე გაიზარდა.

ბრიტანეთის ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში 230 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა და კორონავირუსის 1 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ბრიტანეთში კორონავირუსი 303 110 ადამიანს დაუდასტურდა.

დღის ამბები